საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
ვახტანგ გომელაურს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჰკითხა, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ბატონი გიორგის კითხვა იყო ხოჯევანიშვილის საოკუპაციო ხაზის ჯარების თემაზე, ამაზე ვისაუბრეთ. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რამე ისეთი მკვეთრი რეაქცია და მოქმედებები უნდა გავაკეთოთ მაგ მიმართულებით, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს იქნება პირდაპირ… გავაკეთეთ ჩვენ მკვეთრი მოძრაობები, 2008 წელს გვახსოვს და მერე როგორც დამთავრდა, ეგეც კარგად გვახსოვს“, – განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზები, რომლებიც განთავსებულია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ერთვება უკრაინის ომში. შესაბამისად, ხომ არ ფიქრობს შს მინისტრი, რომ ეს გარემოება საქართველოსთვის რაიმე შესაძლებლობას ხსნის.