გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღკვეთეს CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი.
კერძოდ, ბათუმში, გონიოს მიმდებარედ მოქალაქეს ქვეყნიდან 9 ერთეული მტაცებელი ფრინველი, გავაზები და სონღულები მანქანის საბარგულში განთავსებული ხელნაკეთი ხის ყუთებით გაჰყავდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტომ იმოქმედა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის შესაბამისად.
მოქალაქეს არ ჰქონდა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან გაყვანის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.
სამართალდარღვევა თითოეულ ერთეულზე 4-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ CITES-ის კონვენციას საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა.