„გავიდა ის დრო, როცა პირველი არხის ზეწოლაზე იყო საუბარი, პირველ არხზე ზეწოლა აღარ მოხდება და ამას თანდათან ყველა ერთად უნდა შევეგუოთ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ნამდვილად მინდა, გითხრათ, რომ ზეწოლის არც საფრთხე გვაქვს და არც საშიშროება არც ერთი და არც მეორე მხრიდან, პირდაპირ გეუბნებით. ამას არ განვიცდით, ასეთი განწყობა არის და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
გავიდა ის დრო, როცა პირველი არხის ზეწოლაზე იყო ლაპარაკი. პირველ არხზე ზეწოლა აღარ მოხდება და ამას თანდათან ყველა ერთად უნდა შევეგუოთ. სხვათა შორის, ეს არის პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ და ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი მიღწევა მთლიანად პარლამენტის, რომ პირველი არხი ასეთი გახდა. მე არ წავალ ახლა იმ წარსულში, რომელიც იყო და არ ვფიქრობ, რომ ეს იყო დიდი სანიმუშო პერიოდი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
გუშინ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა. მაღლაფერიძემ ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული, შინაარსობრივი და სამოქმედო პრიორიტეტების შესახებ. დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საეთერო ბადეში შესულ სიახლეებზე, მაყურებლისა და მსმენელისათვის პროდუქციის მიწოდების გზებსა და პლატფორმებზე, პროგრამული პრიორიტეტების შეფასების საზომებსა და საეთერო პოლიტიკის კვლევის შედეგების თაობაზე. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მაუწყებლის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე, ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეებზე.