გავიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს, სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება - ელისაშვილი

პუბლიკა

„გვინდა, რომ ხალხის პრობლემები ისმოდეს ამ დარბაზში და იმიტომ ვართ ჩვენ აქ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ისევ გაიმეორა თავისი მობილურის ნომერი  და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ზარებს 4 წლის განმავლობაში უპასუხებს.

„რთულად მოვედით მე და ლევან იოსელიანი ამ დარბაზამდე, მძიმე გზა გამოვიარეთ, დინების საწინააღმდეგოდ წასვლა, აღმა ცურვა მოგვიწია. ბევრი სირთულის გაძლება, ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის. მაგრამ ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ რისიც გვწამს და რისიც გვჯერა, გავაკეთებთ ყოველთვის იმას და გვჯერა, გვწამს, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს. ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს.

ზოგს ჰგქონია ალბათ და ბევრს ვერც დავაჯერებთ, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და რომ აქ რაღაც პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. ამას, რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს. ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, წინასაარჩევნოდ ჩვენ გვქონდა უცნაური კამპანია, ტელეფონის ნომერი გვქონდა გამოქვეყნებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპასუხობდით.

გავიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი. ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს, სხვები პრობლემებსაც გვეტყვიან. 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ, ვპასუხობდი წინაასაარჩევნოდ  და 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ როგორც დეპუტატი, იმიტომ, რომ ჩემთვის დეპუტატობა არის მეტი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ, ვიმუშაოთ და მოვაგვაროთ. გვინდა, რომ ხალხის პრობლემები ისმოდეს ამ დარბაზში და იმიტომ ვართ ჩვენ აქ”, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ „ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და ეს არის სწორი პოლიტიკა მისი აზრით”.