„გავლენიანი ჯგუფი კლანისადმი ლოიალურ პირებს ნიშნავს“ - კოალიცია შოთა ქადაგიძის არჩევაზე

პუბლიკა

კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეფასებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე შოთა ქადაგიძის არჩევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავს თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს.

27 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძე აირჩია.

დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 16 ივნისის სხდომაზე ზურაბ აზნაურაშვილმა პირადი განცხადებით მიმართა იუსტიციის საბჭოს და თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომა მოითხოვა.

„აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორი უმნიშვნელოვანეს როლს უნდა ასრულებდეს მოსამართლეთა დისციპლინირების პროცესში. სწორედ ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელების და შესაბამისი მტკიცებულებების მოძიების თაობაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პოზიციაზე არჩეული ადამიანი სარგებლობდეს მაღალი პროფესიული რეპუტაციით და იყოს თავისუფალი როგორც გარე, ისე სასამართლოს შიგნით არსებული გავლენებისგან. იმ პირობებში, როდესაც კორპორატივიზმი სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ინსპექტორად საბჭოს ყოფილი წევრის არჩევა, კიდევ ერთხელ, ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს ნიშნავს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის შეფასებით, გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად დამოუკიდებელ ინსპექტორად კლანისადმი ლოიალურად განწყობილი პირის დანიშვნა საფრთხეს უქმნის დისციპლინირების პროცესის სანდოობას და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. აღნიშნული კი საბოლოოდ, აფერხებს სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას.