დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს მთავარი სამედიცინო მრჩეველი, სიუზან ჰოპკინსი აცხადებს, რომ Covid-19-ის ახალი ვარიანტი „აქამდე რაც გვინახავს, მათ შორის ყველაზე საგანგაშოა“ გავრცელების მაჩვენებლით. იგი აღნიშნავს, რომ ასეთი გავრცელების მაჩვენებელი პანდემიის დაწყების შემდეგ ამ დრომდე არ აღწერილა.
„სამხრეთ აფრიკაში შემთხვევების დღიური მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა 2 კვირაზე ნაკლებ პერიოდში ეპიდვითარება ორჯერ უფრო გაუარესდა“, – განაცხადა ჰოპკინსმა BBC Radio-სთან.
დოქტორი სიუზან ჰოპკინსი აღნიშნავს, რომ COVID-19-ის ახალი ვარიანტის რეპროდუქციული მაჩვენებელი (R) 2-ს უდრის, ანუ ერთ ინფიცირებულს შეუძლია ვირუსი ორ ადამიანს გადასდოს (როდესაც R მაჩვენებელი ერთზე მეტია, იგი საფრთხის შემცველად მოიაზრება და ნიშნავს, რომ მისი გავრცელება მზარდია).
„ამბობენ, რომ გაუტენგის პროვინციაში, სადაც პირველად იპოვეს ეს ვარიანტი, ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი ახლა ორს უტოლდება, რაც ძალიან მაღალია და ასეთი მაღალი გადადების მაჩვენებელი პანდემიის დაწყების შემდეგ არ გვინახავს“, – ამბობს ჰოპკინსი.
მისივე თქმით, საჭიროა მეტი დეტალის ცოდნა ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან, სრული ინფორმაცია კი ხელმისაწვდომი რამდენიმე კვირაში იქნება.