გავრცელებული ფაილები საფრთხეს უქმნის ადამიანების საქმიანობას და ფიზიკურ უსაფრთხოებას - „თანასწორობის მოძრაობა“

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ ეხმიანება 2021 წლის 12 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წევრების, აქტივისტების, ჟურნალისტების, მაღალი სასულიერო იერარქებისა და მოქალაქეების შესაძლო ფარულ თვალთვალს უკავშირდება.

„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასაჯაროებული დოკუმენტები შეიცავს ცნობებს პირადი ცხოვრების, საქმიანობის, გადაადგილების, სხვადასხვა პირთან საქმიანი თუ პირადი კომუნიკაციის შესახებ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გავრცელებული მასალა მოიცავს დეტალურ პირად ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას იდენტობის, საცხოვრებელი ადგილის, პირადი/ტელეფონის ნომრის თაობაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც „თანასწორობის მოძრაობა“ აღნიშნავს, ჩანაწერები წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების გასაჯაროების და იძულებითი ქამინგაუთის შემთხვევას.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ბოლო წლებში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თუ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებისა და გასაჯაროების პრაქტიკა ადამიანების ტოტალური კონტროლის, დაშინების, შანტაჟისა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მექანიზმად გამოიყენება.

„სამწუხაროდ, სამართალდამცავ ორგანოებს არცერთ შემთხვევაზე არ მოუხდენიათ სათანადო რეაგირება, რაც სრულიად არყევს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„თანასწორობის მოძრაობის“ შეფასებით, ასეთი გამოცდილების გათვალისწინებით, „შეუძლებელია საზოგადოებას ეფექტიანი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების მოლოდინი ჰქონდეს“.

„მიგვაჩნია, რომ 13 სექტემბერს გავრცელებული მასალები წარმოადგენს არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის უხეშ შემთხვევას, არამედ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მასალებში ხსენებული ადამიანების საქმიანობას და ფიზიკურ უსაფრთხოებას“, – ამბობს ორგანიზაცია.

ყოველივეს გათვალისწინებით, „თანასწორობის მოძრაობა“ მოუწოდებს:

  • მედიასაშუალებებს:

საკითხის გაშუქებისას იხელმძღვანელოს მაღალი ეთიკური სტანდარტებით;
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროებისას მოერიდოს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამოყენებას.

  • საქართველოს პარლამენტს:

დაუყოვნებლივ გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის მექანიზმი.


12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, დაახლოებით სამი ათასამდე დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.