ადამიანის უფლებების სწავლებსა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 6 მარტს ტელეკომპანია „ტვ პირველის” ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს და აღნიშნავს, რომ სიუჟეტში გასული მასალა შეიცავს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით.
„სამწუხაროდ სავარაუდო დანაშაულში ჩართული პირების თანამდებობრივი პოზიციების, ასევე ჩვენი პოლიტიკური სისტემის არაფორმალური ბუნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილების ოჯახის ჭარბი გავლენების გათვალისწინებით, არსებული ჩანაწერების კანონიერებისა და რაც ყველაზე მთავარია, მათი შესაძლო დანაშაულებრივი შინაარსის გამოძიების მოლოდინი დაბალია. ამასთან აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესად მძიმე ფორმებს“,- ნათქვამია განცახდებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დრომდე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები და გადაწყვეტილებები მომხდარის გამოძიებისა და ჯეროვანი და პასუხისმგებლიანი განმარტების მცდელობასაც კი არ აჩვენებს.
„სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების მკვეთრი პოლიტიზირების და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიღმა მოქმედების პირობებში, მომხდარზე დამოუკიდებელი, სამართლიანი და რეალური გამოძიების მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, EMC მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებს. აგრეთვე, კრიზისის დაძლევის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაციით იმართება, ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭირვალე გამოძიების ინსტიტუციურ გარანტიებზე შეთანხმება უნდა მიიღწეს. მათ შორის, შესაძლოა შეთანხმდეს საქმის პროკურატურის განსჯადობიდან ამოღებისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის გადაწყვეტილება და ამ პროცესის დაზარალებული პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეშ წარმართვა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.
თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.