„ტვ პირველის“ ცნობით, რიყის პარკში არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მედია ამბობს, რომ მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ბიჭის ამოყვანა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შაბათს მოხდა. „რიყის დოქების“ მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
განახლება: მომხდარს გამოეხმაურა თბილისის მერია და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და ცილისწამებაა. უწყება ამბობს, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა.
„სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში. სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება“.
რიყის დოქები 2022 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პრორუსმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა იყიდა.
უფრო ზუსტად: რიყის დოქებისთვის გამოცხადებულ აუქციონში კომპანია Global Victory Trust-მა გაიმარჯვა. მისი აქციონერია კომპანია გლობალ ვიქტორი ინვესტმენტი, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მას მარიამ ხიდაშელი ფლობს და ხელმძღვანელობს, ხოლო კომპანიის დირექტორატშია დავით ხიდაშელი.