გავრილოვი: ჩანს, საქართველო მზადაა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად

პუბლიკა

რუსეთის სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის, სერგეი გავრილოვის თქმით, საქართველო მზადაა, რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად აქტიური ნაბიჯების გადადგას.

გავრილოვი რუსეთის „საპარლამენტო გაზეთთან“ ამ კომენტარით სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა – სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ხელისუფლება მზადაა, ევროსაბჭოს ფორმატში უმასპინძლოს რუსულ დელეგაციას.

რუსი დეპუტატის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის დაპირება რუსული დელეგაციის მიღებაზე „სერიოზული სიგნალია“ და ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რუსი ვიზიტორები „ექსტრემისტებისგან“ დაიცვას.

„როგორც ჩანს, საქართველო მზადაა, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის დიპლომატური ურთიერთობების აღსადგენად. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით „გამარჯვების იუბილეს“ წინ.

ჩვენ მზად ვართ, პატივი მივაგოთ დიდი სამამულო ომის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ყველა დაღუპულს. საქართველო მრავალეროვანი იყო, სადაც ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, ბერძნები, ქურთები, აფხაზები. იმედი გვაქვს, რომ საქართველო კვლავაც გახდება მრავალეროვანი კეთილმოსურნე რესპუბლიკა“, – განაცხადა გავრილოვმა.

საქართველომ მაისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალზე შესაძლოა, ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ის წევრებიც ესტუმრონ, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვს დარღვეული, მათ შორის – საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

______

სტასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაისში ევროსაბჭოს დაგეგმილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციას საქართველო თავისი კანონმდებლობის გვერდის ავლით უმასპინძლებს. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს სცემს და რუსეთის დელეგაციას მიიღებს.

„ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისგან განსხვავებით, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს.

ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ მიიღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სტასბურგში.