„გავრილოვის დავალება შესრულებულია“ | მელია პარლამენტის გადაწყვეტილებას ბრიფინგით გამოეხმაურა

პუბლიკა

„გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ძალიან ძალიან ძალიან კარგად ხედავს ბევრი ადამიანი“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

პარლამენტის გადაწყვეტილებას, მელიას შეუჩერდეს სადეპუტატო იმუნიტეტი, ის ბრიფინგით გამოეხმაურა.

„88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მე-5 კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას და მე ვფიქრობ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რასაც ახლა ვიტყვი, განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, თქვენც, ჟურნალისტებს მივმართავ, თქვენი მშობლები, ოპერატორების ოჯახის წევრები, ვინც ხმა აიმაღლა, სამშობლოს გამოესარჩლა.

განაჩენი გამოუტანეს ყველას, ვინც გახდა მოძალადეების მსხვერპლი, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ხელკეტი მოუქნიეს, დევნა ახორციელეს თბილისის რაიონებში, ვისაც თვალები დათხარეს და იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს და ეს განცდა დაეუფლა ყველას და ამიტომ სტიქიურად, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, ავდექით და მივედით რუსთაველის გამზირზე.

ერთ-ერთი ვიყავი მე და იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი, რომელმაც ჩათვალა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს. მთელ საქართველოს მინდა ვუთხრა, ამ ადამიანების სახელით, ვიზეც ვისაუბრე, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს და მოდი აქვე ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, რომ ახლა არ არის დრო პარტიისა და პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება და მეორე მხარეს არის მონობა. ერთ მხარეს არის ამ ქვეყნისა და ხალხის ნათელი მომავალი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბნელეთი.

აქედან გამომდინარე,  შეუძლებელია აქ უკან დახევა და უსამართლობისთვის თავის დახრა. ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე, სანამ არ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას.

მე გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანზე, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკვე მეორედ გამასამართლა, მაგრამ, ჯერჯერობით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ვერც მიიყვანენ. ტანით ვგრძნობ, რომ ეს 88 ადამიანი შველას საჭიროებს, ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებისგან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.