„დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით, შემთხვევათა 52% მიმდინარეობდა მსუბუქი, 33% კი – საშუალო ფორმით. შემთხვევათა 8.2%-ში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული”, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მეორე ანგარიში გამოაქვეყნა.
აღნიშნული მონაცემები ეფუძნება ახალი კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარებიდან გაწერილ 500 პაციენტის მახასიათებლებს.
აღნიშნულ თავში რეტროსპექტულად გაანალიზდა 2020 წლის 26 თებერვლიდან საქართველოში COVID-19–ის დიაგნოზით სტაციონარიდან გაწერილი 500 პაციენტის მონაცემები. აღნიშნული პაციენტების დიაგნოზის დადასტურება მოხდა PCR მეთოდით.
კლინიკური სიმპტომები ჰოსპიტალიზაციამდე: კვლევის ფარგლებში, თითოეული პაციენტის შემთხვევაში გაანალიზდა დაავადების კლინიკური სიმპტომების არსებობა პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე.
სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად გამოვლინდა ცხელება (82.4%), ზოგადი სისუსტე (49.6%), ხველა (38.3%), ყელის ტკივილი (25.9%) და თავის ტკივილი (22.5%). 500 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს 83 შემთხვევა იყო ასიმპტომური (16.6%). ერთზე მეტი სიმპტომი აღინიშნა პაციენტების 57.6%-ში (288 შემთხვევა).
თანმხლები დაავადებები: პაციენტების სტაციონარული ბარათებიდან მოპოვებულ იქნა
ინფორმაცია ყველა ჰოსპიტალიზებულის თანმხლები ავადმყოფობების შესახებ. 165 (33%) პაციენტს კორონავირუსული დაავადების გარდა ჰქონდა სხვადასხვა, უპირატესად ქრონიკული დაავადება. პაციენტთა შორის ყველაზე ხშირი თანმხლები დაავადებებია ჰიპერტენზია (14%), გულ-სისხლძარღვთა სხვა ავადმყოფობები (8%) და დიაბეტი (8%).
ძირითადი დაავადების გართულებები: ჰოსპიტალიზებულ 500 პაციენტს შორის ჰოსპიტალიზაციის პერიოდში 5%-ს (25 შემთხვევა) განუვითარდა რესპირაციული დისტრეს სინდრომი.
COVID-19–ის დიაგნოზით სტაციონარიდან გაწერილ პაციენტთა განაწილება დაავადების სიმძიმის მიხედვით:
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანმხლები დაავადებების არსებობის მიხედვით. იმ პაციენტებში, ვისაც არ აღენიშნებოდა თანმხლები ავადმყოფობები, დაავადება 94%-ში მიმდინარეობდა მსუბუქი ან საშუალო ფორმით, თანმხლები ავადმყოფობების არსებობის შემთხვევაში, 35%-ში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.
იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე, დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა აღენიშნებოდა.
პაციენტთა განაწილება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით: დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა ქვეყანაში დამტკიცებული შემდეგი კრიტერიუმები:
მსუბუქ/ასიმპტომურ მიმდინარეობად მიჩნეულია მწვავე რესპირაციული ინფექცია
პნევმონიის გარეშე;
საშუალო მიმდინარეობად – მწვავე რესპირაციული ინფექცია პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობის გარეშე;
მძიმე მიმდინარეობად – მწვავე რესპირაციული ინფექცია მძიმე პნევმონით სუნთქვის უკმარისობით ან მის გარეშე და სეფსისი/სეპტიცემია;
კრიტიკულ მიმდინარეობად – მართვითი სუნთქვის საჭიროება (არაინვაზიური ან ინვაზიური ვენტილაცია) შემდეგი მდგომარეობების დროს: მძიმე პნევმონია, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი (მრდს), სეფსისი/სეპტიცემია, სეპტიური შოკი, პოლიორგანული უკმარისობა;