პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მორიგი შეხვედრა სამომავლო გეგმებზე მსჯელობას უნდა დაეთმოს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრეს ჟურნალისტებთან.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომის პირველ დღეს ცალკე ღონისძიებას გეგმავს, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი.
„აი, ამ გაყალბებული პარლამენტის შეკრების უფლებამოსილების დღეს ვაპირებთ ცალკე ღონისძიებას. ამ ღონისძიების სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. შინაარსი არის შემდეგი – ხელი მოეწერება საერთო, დიდ დეკლარაციას იმ მოთხოვნებით, რაც ჩვენ გვაქვს. ესენია: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკოს ცვლილება. ამ დეკლარაცაის ხელს მოაწერს ყველა ის პარტია, ვინც ეთანხმება.
მეორე დოკუმენტს კი ხელს მოაწერენ ის პარტიები, რომლებმაც ფორმალურად, ცესკოს მონაცემებით, გადალახეს ბარიერი. შესაბამისი უფლებამოსილი პირები ხელს მოაწერენ სიის ჩახსნის დოკუმენტს.
მესამე, მთავარ დოკუმენტს ყველა, ფორმალურად გასული, დაახლოებით 60 დეპუტატი მოაწერს ხელს, რომ არ აპირებენ სიყალბეში მონაწილეობას და მიმართავენ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, – განაცხადა უგულავამ.
ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემაც განაცხადა, რომ პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიცია ერთობლივ ღონისძიებას გამართავს.