გაზის (აირის) იარაღის შეძენისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო

პუბლიკა

გაზის (აირის) იარაღის შეძენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა იქნება საჭირო – ცვლილებები შესაბამის წესში დღეს, 7 ივნისიდან შევიდა.

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო – გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მათივე თქმით, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.