ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს აზერბაიჯანს ესტუმრება. ევროკომისიის განცხადებით, ოფიციალური ვიზიტისას აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის უფრო დიდი რაოდენობით შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ.
„რადგანაც რუსეთი ენერგორესურსების იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ენერგორესურსების იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირისთვის პრიორიტეტია“, – აცხადებს ევროკომისია.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ენერგორესურსების საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმონსთან ერთად გამართავს შეხვედრებს.
Reuters 14 ივლისს წერდა, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა აზერბაიჯანისგან გაზის იმპორტის ზრდა და „სამხრეთ დერეფნის“ გაზსადენის გაფართოება. როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტი „სამხრეთ დერეფნის“ მეშვეობით ევროპაში 2027 წლისთვის მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს განიხილავს.
გასულ წელს ტრანსადრიატიკის მილსადენით, რომელიც „სამხრეთ დერეფნის“ ბოლო ნაწილია, ევროპამ აზერბაიჯანისგან 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო.