რუსულმა სახელმწიფო გაზის კომპანია Gazprom-მა გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეუმცირა მის ერთ-ერთ მთავარ ოპერატორ კომპანია Engie-ს. ამისი მიზეზი, როგორც ფრანგული კომპანია აცხადებს, კონტრაქტებთან დაკავშირებული დავაა. Engie-ს არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუ რა გახდა კონკრეტულად დავის წარმოშობის მიზეზი.
Gazprom-ის მოქმედებების გამო ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთი ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას. რუსულმა კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ Nord Stream 1 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე სარემონტო სამუშაოებისთვის დაიკეტება, გაზსადენს რუსული კომპანია ბოლო დროს ისედაც მხოლოდ 20%-ით ტვირთავდა.
„აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც, რაც მომარაგების მთლიანად შეწყვეტას გულისხმობს“, – აცხადებს საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრი ანიეს პანიე-რიუნაშე.
პანიე-რიუნაშეს მრჩეველი კი Reuters-თან ამბობს, რომ Gazprom დადებულ კონტრაქტებს პატივს არ სცემს, თუმცა საფრანგეთმა შეძლო გაზის მომარაგების დივერსიფიკაცია და რუსეთი ზამთარში მათზე ზეგავლენას ვერ შეძლებს.
Engie რუსეთიდან აქამდე გაზის 4%-ზე ნაკლებს იღებდა, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი უკრაინაში ომის დაწყებამდე 17% იყო. ფრანგულ კომპანიაში არ ამბობენ, რამდენად შემცირდება ახლა რუსეთიდან მიღებული გაზის წილი.
საფრანგეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანა რუსულ გაზზე დამოკიდებული არაა. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე ქვეყანა თავისი მოხმარების მესამედზე მეტს ნორვეგიიდან იღებდა, იმპორტიორებს შორის არიან ნიდერლანდები, ალჟირი და კატარიც.