„გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა იგორ ვალაბუევმა რუსეთი დატოვა და უკრაინაში ჩავიდა. ის აპირებს, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის რიგებს შეუერთდეს. გამოცემა The Insider-თან საუბრისას ვალაბუევი ამბობს, რომ თავად უკრაინაში, სუმის რეგიონში დაიბადა. ამიტომ გადაწყვიტა სამშობლოს დაბრუნებოდა.
„მე აღარ შემეძლო რუსეთში ყოფნა. უკრაინელი ვარ, ახტირკაში დავიბადე და ვეღარ დავრჩებოდი იმის დამკვირვებლის როლში, თუ რას უკეთებს რუსეთი ჩემს სამშობლოს.
ჩემი აქ ჩამოსვლა ერთგვარი მონანიებაცაა, მინდა ჩამოვირეცხო ჩემი რუსული წარსული. მსურს აქ დავრჩე მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – ამბობს ვალაბუევი.
ვოლობუევი ამბობს, რომ მას დიდი ხანი სურდა უკრაინაში დაბრუნება, მაგრამ ოჯახური მიზეზებით აქამდე ვერ მოახერხა. რუსეთის შეჭრას უკრაინაში კი სამხედრო დანაშაულად აფასებს. მისი თქმით, ამ დანაშაულს ჩადის არამარტო პუტინი ან ხელისუფლება, არამედ თავად რუსი ხალხიც.
„უშუალოდ პუტინი არ კლავს უკრაინელებს, პუტინი არ იპარავს უნიტაზებს, პუტინი არ აუპატიურებს ქალებს. ეს რუსები არიან. მე კი, მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად უკრაინელი ვარ, პასუხისმგებლობა მეკისრება ამაზეც. მრცხვენია და მთელ ცხოვრებას სინანულში გავატარებ“, – ამბობს „გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უკვე უკრაინაშია.
ვალაბუევმა The Insider-თან ასევე ისაუბრა „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვლადისლავ ავაევისა და მისი ოჯახის წევრების სიკვდილზე. მისი თქმით, რუსულ მედიაში ხელისუფლების გავლენით ინფორმაცია ისე გავრცელდა, თითქოს ავაევმა მოკლა ცოლი და შვილი, შემდეგ კი თავი მოიკლა. თუმცა, ვალაბუევი ამბობს, რომ მართალია არ იცის, რა გახდა მათი დახოცვის მიზეზი, მაგრამ სჯერა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო.