გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, ახალი შემთხვევები შემცირდა, ეს ყველას გვახარებს - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლის, ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 61 პაციენტი იმყოფება. რეანიმაციაში 4 პაციენტია, ორი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ორი სპონტანურ სუნთქვაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში დადებითია სურათი და ახალი შემთხვევების რაოდენობა, გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, მცირდება. მისივე თქმით, ეს სურათი გამოიკვეთა არა მხოლოდ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“ბოლო პერიოდში, არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა ინფიცირებულთა გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რაოდენობა გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება ყველა მათგანს, მათ შორის მე და კლინიკის მედპერსონალს გვახარებს“, – განაცხადა რატიანმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე რატიანმა დეტალურად ისაუბრა პაციენტებზე, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადიან მკურნალობას.

„ორივე პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც სპონტანურ სუნთქვაზე იმყოფებიან, დადებითი დინამიკა აქვს, როგორც კლინიკურ ლაბორატორიული, ისე ობიექტური მონაცემებით. ერთი მათგანი არის ბატონი, რომელიც არის 47 წლის. პაციენტი 14 დღის წინ მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. ზოგადი მდგომარეობა მისი დამძიმების განპირობებული იყო კოვიდინფექციის შედეგად გამოწვეული ორმხრივი მწვავე პნევმონიით. ანამნეზში თირკმლის მწვავე ქრონიკული უკმარისობაა. ჩატარებული მკურნალობის შედეგად მიღწეულია დადებითი შედეგი და სუნთქვის უკმარისობის ხარისხი შემცირებულია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, 80 წლის ქალბატონი, რომელიც 3 კვირის წინ შეიყვანეს კლინიკაში, გუშინწინ მოიხსნა აპარატიდან და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„რაც შეეხება ორი პაციენტის მდგომარეობას, ერთი მათგანი, მამაკაცი, შემოსულია ერთი თვეა. საშუალო ასაკი 70 წელი, მისი მდგომარეობა დადებითი კლინიკური მაჩვენებლით არის. რაც შეეხება მეორე პაციენტის მდგომარეობას, ეს ქალბატონი არის 80 წლის და მისი მდგომარეობა სტაბილურია დადებითი კლინიკური და ობიექტური მაჩვენებლებით. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებებში და არცერთ მათგანთან არანაირი გართულება არაა. ორსულებთან არანაირი კლინიკური პათოლოგია არ ვლინდება. დღეს ეწერება 3 პაციენტი“.