განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს. მან შესაბამისი განცხადების ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, – წერია განცხადებაში, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება.
3 დეკემბერს პატრულ-ინსპექტორმა, გიორგი გოგინაშვილმა თქვა, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ტოვებს მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციას.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ გადაწყვეტილებას მეშვიდე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. პარლამენტთან აქციებზე ჯამში 300-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის 6 სისხლის სამართლის წესით. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის, სცემს აქციის მონაწილეებს.