გდდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილი ძმა ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

შაიშმელაშვილმა „რადიო თავისუფლებას” სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

გამოცემის ცნობით, ბახვა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიდეო ოპერატორის და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა. ის 2022 წლის აპრილიდან ხელშეკრულებით იყო დასაქმებული.

„ყველას ვერ გაათავისუფლებთ, ყველას ვერ დააშინებთ, ყველას ვერ გააჩუმებთ. მდაბიო პოლიტიკა გაქვთ”, – ასე გამოეხმაურა ირაკლი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში ძმის, ბახვა შაიშმელაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას.

„პუბლიკა” ეცდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაარკვიოს რა მიზეზით არ გაუგრძელდა შაიშმელაშვილს ხელშეკრულება. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა 3 დეკემბერს დატოვა. მან მიზეზად „ოჯახური პირობები” დაასახელა.

26 დეკემბერს კი შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში  გამოაქვეყნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.

ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებასა და აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების შესახებ პირველად TV პირველთან, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციები, რა დროსაც საპოლიციო ძალები მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მისთვის „წყალგამყოფი ხაზი” აღმოჩნდა.

შაიშმელაშვილი, ასევე, ჰყვება, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარები, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების მისამართით.