გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

პუბლიკა

გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად 2024 წლის ბოლოს დატოვა.

პროკურატურა შაიშმელაშვილს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება.

უწყება ამბობს, რომ მან 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდებები გააკეთა და ცდილობდა შსს-ს თანამშრომლების დემორალიზებას.

„ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა – ირაკლი შაიშმელაშვილმა, 4 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილ აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა.

ბრალდებული შაიშმელაშვილი, ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ“, – აცხადებს პროკურატურა.

ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატის, ნათია მეზვრიშვილის პოზიციით, შაიშმელაშვილის განცხადებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

„ბატონი ირაკლის მიერ გამოხატული იყო აზრი კონსტიტუციური უფლების ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლება ჰქონდა. არანაირ დანაშაულებრივ ნიშნებს ეს არ შეიცავს. ბრალს არ აღიარებს და არაფერი არ არის ასაღიარებელი. მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე როცა გადავა სასამართლო, დიდი ალბათობით, თქვენც გექნებათ ნანახი ეს ვიდემასალები, რაც საქმეშია, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ბრალიც აბსურდულია“, – აცხადებს ადვოკატი.

წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს 11:30-ზე ჩაინიშნა.


21 სექტემბერს ირაკლი შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ემიგრაციაში მყოფი ვეტერანების მიმართვა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებისადმი. მიმართვაში საუბარი იყო, რომ დადგა დრო „ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები“ და რომ მათ ეძლეოდათ შანსი, გამხდარყივნენ ამ ცვლილებების თანამონაწილე.

„ირწმუნეთ თქვენი სამშობლოს მომავლის, რომ თქვენ უნდა ააშენოთ ახალი ევროპული საქართველო, ახალი ევროპული ძალოვანი სისტემებით. ბოლოს და ბოლოს ირწმუნეთ საკუთარი თავის. გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ, თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი – ემსახურეთ საქართველოს!“ – ნათქვამი იყო მიმართვაში.