გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა საპოლიციო ღონისძიებებზე „ოცნების“ პროპაგანდას უპასუხა

პუბლიკა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ინტერვიუ ამჯერად „რადიო თავისუფლებას“ მისცა, რომელშიც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების და უწყების მართვის სისტემის შესახებ.

შაიშმელაშვილმა უპასუხა „ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს ქართული პოლიცია აქციებს ევროპულ და ამერიკულ პოლიციაზე მაღალი სტანდარტით არბევს.

თბილისში პროევროპული მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და სხვა ლიდერებმა არაერთხელ ახსენეს საფრანგეთსა და გერმანიაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები.

ირაკლი შაიშმელაშვილი განმარტავს, რა განსხვავებაა ევროპულ და ქართულ სისტემას შორის.

მისი თქმით, 2022 წლიდან განსაკუთრებით გაიზარდა დეზინფორმაციული ნარატივების ნაკადი. მისი სიტყვებით, „შიდა სამზარეულოში“ ანუ სამინისტროში „მომატებულად ხდება დასავლეთის მიმართ ზიზღის და აგრესიის გამოვლინება“, განსაკუთრებით, „გარყვნილების და ლგბტ პროპაგანდის ნარატივებით“, დეზინფორმაციასთან არგუმენტებით დაპირისპირება კი მათში აგრესიას იწვევს.

„ამისთვის დრო სად რჩება კი არა, ყველაზე მეტი დრო მაგისთვისაა გამოყოფილი, ვიდრე იმაზე, რომ ბიუჯეტი განიხილონ, სპეცოპერაციები დაგეგმონ, ვიდრე ქვეყნის განვითარებაზე და სისტემის განვითარებაზე იზრუნონ, ამის ნაცვლად ამაზე საუბრობენ… აქ საუბარია შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების მერე, თაიმ ბრეიქის დროს ხდება ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება.

რა მინდა, საზოგადოებამ იცოდეს – გამოიტანეს საფრანგეთის და გერმანიის კადრები, როგორ არბევენ დასავლეთში და ქარდებად გააკეთეს, დასავლეთი ჩვენ მოგვიწოდებსო. გერმანიაში არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, საფრანგეთში როგორ ხდება, ზუსტად ის კურსი მაქვს გავლილი ჰოლანდიაში, რომლითაც საფრანგეთი მოქმედებს. საფრანგეთში საპოლიციო კანონმდებლობა დაფუძნებულია საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე. ამის შესაბამისად მინიჭებული აქვს პოლიციას გარკვეული ლეგიტიმური უფლებები. კანონქვემდებარე აქტების დონეზე გაწერილია სტანდარტული სამოქმედო გეგმა, როგორ მოქმედებს კონკრეტულ ვითარებაში, კონკრეტულ მოცემულობაში პოლიციელი, მიმდინარეობს ღონისძიების ვიდეო- და აუდიოჩაწერა. ყველა პოლიციელს უკან აქვს სანომრე ნიშანი, ყველა პოლიციელი იდენტიფიცირებულია. სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების გარდა ნიღაბი არავის არ უკეთია და როდესაც პოლიცია აკავებს მოქალაქეს, მტკიცებულების მთელი ერთობლიობაა წარდგენილი, ვიდეო, აუდიო და ა.შ.

ჩვენთან ეს ყველაფერი დამახინჯებულადაა გადმოტანილი. 2018 თუ 2019 წელს, გახარიას დროს შსს-მ აიღო ვალდებულება და ევროპის საბჭომ განახორციელა პროექტი. ვალდებულება იყო ასეთი, რომ კანონი პოლიციის შესახებ და შეკრების და მანიფესტაციის შესახებ გაესწორებინათ, ჰარმონიზაციაში მოეყვანათ ევროპის სტანდარტებთან. ეს პროცესი დაიწყო 2021 წელს. გდდ-დან მე ვიყავი ჩართული და მთელი შსს-ს დეპარტამენტების დირექტორების მოადგილეები. ვმუშაობდით და განვიხილავდით, რა უნდა გაუმჯობესებულიყო. მოწვეული იყვნენ ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან ექსპერტები. ყველაზე აგრესიული საპოლიციო ღონისძიებები ზოგადად ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში და შემდეგ საფრანგეთში ტარდება. მათ აღნიშნეს, სხვათა შორის, რომ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა ჰუმანურია და გვირჩიეს მისი გამკაცრება, რომ უფრო მეტი სიცხადე შეგვეტანა, მაგალითად, შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში პოლიციის უფლებები გაგვეზარდა, მაგრამ ამავე დროს სიცხადე შეგვეტანა მთელ რიგ პროცესებში. რომ არ შევიდე და გავიარო, ამაზე ვიმუშავეთ 2 წლის განმავლობაში, ასევე პოლიციის კანონშიც უნდა შესულიყო ცვლილება. ამის მერე უნდა შექმნილიყო სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, რითაც დარეგურილდებოდა ყველაფერი.

მე მაგის გამო 2022 წელს სამსახურიდან გამოშვების საფრთხის წინაშე ვიყავი, იმიტომ, რომ მე ვთქვი შეკრებაზე, მათი მხრიდან იყო, რომ ეს არ გაქვთ და ის არ გაქვთო და მე ვაჩვენე, რომ გვაქვს, დაუმტკიცებელი იყო ეს სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, არალეტალური შეიარაღების სახელმძღვანელო, მასების მართვის სახელმძღვანელო და სამინისტროში რომ გაიგეს, რომ ეს ყველაფერი ვაჩვენე, ამაზე გაღიზიანდნენ. არ აწყობთ. ეს პროექტი ჩააგდეს. ეს გამოყოფილი თანხა, რომელიც ევროპის საბჭომ დახარჯა, წყალში ჩაიყარა. არ შეიტანეს ცვლილება, არ გააუმჯობესეს ეს. ეს რომ მიეღოთ, ვალდებულებაც დაეკისრებოდათ. სტანდარტული სამოქმედო პროცედურით რომ ემოქმედათ დღეს, იმას არ მივიღებდით, რაც ქუჩებში მოხდა.

როდესაც იდენტიფიცირებულია პოლიციელი, ის მოერიდება მსგავსი რაღაცის გაკეთებას… ეს არ აწყობდათ, პირად საუბრებში თქვეს, ეს ჩვენ შეგვზღუდავსო. [ჩააგდო] შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

შიდა საუბრებში [სანქცირებაზე] ძალიან ბედნიერები არიან, რა პრობლემაა, სამშობლოს გულისთვის სანქცირებიან… არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანს სანქციები უხაროდეს და თან მერე ამას აწვდიდეს სხვას იმ ნარატივით, რომ მე საქართველოს გულისთვის დავსანქცირდი და ბოლოს ბატონი ბიძინაც რომ დაასანქცირეს, თუმრე ერმა მადლობა უნდა გადაიხადოს.

საბედნიეროდ, გაცილებით ბევრია განათლებული ადამიანი და მგონია, გამოიტანენ ლოგიკურ დასკვნას და მიხვდებიან, სადაა რუსული პროპაგანდა. გიჟივით ხდება ფეისბუკჯგუფებში ინფორმაციის გაზიარება, რომ აგერ, გერმანიაში როგორ დაარბიესო და ანალიზს არ აკათებენ. გერმანიაში რომ დაარბიეს და საფრანგეთში, სასამართლო როგორაა მოწესრიგებული და სასამართლოზე დაკავებულების მტკიცებულებების წარდგენა როგორაა. განა ჩვენ არ გვაქვს ნასწავლი? ნასწავლი გვაქვს. დაკავების კურსი არსებობს სპეციალური, გავლილი აქვთ თანამშრომლებს.

2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ამ ხალხის ჩანაცვლება და დღეს თითქმის არც ერთი აღარაა იმ პოზიციაზე, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. ხარაზიშვილმა ნდობით აღჭურვილი პირებით ჩაანაცვლა დეპარტამენტი. [სისტემაში ისინი] არიან, მაგრამ მათ არ უსმენენ. მათი გაცემული რეკომენდაცია და რჩევა ამათთვის შეურაცხყოფაა. ვერ ეწინააღმდეგებიან [სისტემას], ამის რესურსი არ აქვთ, უბრალოდ, დღემდე ჩუმად არიან.

ხმის ამოღებას საჯარო სივრცეში არა… წინაარმდეგობაც არ ქვია, იქნება შიდა სივრცეში აუხსნან, მეათედ და მეოცედ ნათქვამია იქნებ საჭირო, რომ ვიღაცის ტვინში გაიხსნას…“, – თქვა შაიშმელაშვილმა.

ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ დღეს მიიღეს გაცილებით მახინჯი სისტემა, ვიდრე 2012 წლამდე იყო.

„ქართულ ოცნების“ პროპაგანდამ გადაიღო სააკაშვილის პერიოდში ციხეებზე ფილმი [სავარაუდოდ, გულისხმობს „ჰეროკრატიას“] და იქ ჩაწიხვლის კორიდორებია ნაჩვენები. აჩვენეთ გოგა ხაინდრავას ის კორიდორები, რასაც დღეს ეს პოლიციელები აკეთებენ. რა შევცვალეთ, რით გავიზარდეთ, რა გავაუმჯობესეთ, რა დავხვეწეთ?

უფრო უარესი და უფრო მონსტრი მექანიზმი შევქმენით ამ ნაწილში? გეუბნებით, ამის საჭიროება არ არის. დღეს აქციაზე 200 ათასი კი არა, ერთი მილიონი ადამიანი რომ იდგეს და დასჭირდეს პოლიციას, აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, არადგენს იმ ფარგლებში, რა მანდატიც კანონმდებლობით აქვს. პოლიციის რაოდენობას ვერ ვიტყვი, არ მაქვს უფლება, გრიფირებულია რაოდენობები, მაგრამ დამიჯერეთ, 4-5-ჯერ მეტი პოლიციაა ჩართული, ვიდრე რეალურად საჭიროა. 2022 წლიდან არანორმალურად გაზარდეს ჩვენს დეპარტამენტში საშტატო რაოდენობა… შარშან კიდევ უფრო მოიმატა. ბიძინა ივანიშვილს აქვს ნათქვამი, 2023 წელს მზად ამ კანონისთვისო და წელს უფრო მომზადებული შევხვდითო. მე მაგალითად ზუსტად ესე აღვიქვი, რომ გაზარდეს არანორმალური სისწრაფით საშტატო ერთეულები და მერე გადაუდებელი აუცილებლობით იყიდეს წყლის ჭავლის მანქანები.

[…] აბსოლუტურად არ არის საჭირო იმ ღონისძიებების, იმ აგრესიული და ზიზღნარევი ღონისძიებების განხორციელება, რასაც ესენი აკეთებენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით, 400-500 თანამშრომელია საჭირო, სულ რომ სავსე იყოს რუსთაველის გამზირი, რომ გაიწმინდოს. დამიჯერეთ, პოლიციელების 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი რაოდენობაა ჩართული, ვიდრე საჭიროა“, – თქვა მან.

შეკითხვაზე, აქციაზე გასულ სპეცრაზმელთა რა ნაწილი შეიძლება იყოს დეზინფორმაციის მსხვერპლი, შაიშმელაშვილი პასუხობს, რომ 99%.

„ეგ ხალხი, ვინც არის ბატონი ხარაზიშვილის დანიშნული, ყველა მასე ფიქრობს, სამწუხაროდ, უსმენენ ბატონ ხარაზიშვილს. იმან რაც უნდა თქვას, ეს კანონია და უფლება არ აქვთ, შეეწინააღმდეგონ ბატონ ხარაზიშვილს. [სჯერათ, რომ ქუჩაში გამოდიან] ცისფერები, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, გამყიდველები, აგენტები, სულგაყიდულები, უსამშობლოები და კიდევ რა ვიცი, რა ჩამოვთვალო“, – თქვა მან.

„პუბლიკა“ დაუკავშირდება შსს-საც და იმ შემთხვევაში, თუ უწყება ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებებს უპასუხებს, მასალა განახლდება და პასუხი საინფორმაციო არხებით გავრცელდება.