GDI: ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

პუბლიკა

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) საპროტესტო აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე შეისწავლა და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ GDI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაცია სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეებს სწავლობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ჭრილში. ახლა კი ანგარიში ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

GDI-მ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეისწავლა ანდრო ჭიჭინაძის საქმე. მათი ცნობით, რეზოლუცია განსაზვრავს პოლიტიკური პატიმრის დეფინიციას და შესაბამის სამართლებრივ კრიტერიუმებს.

„საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება, მიიჩნევა „პოლიტიკურ პატიმრად”:

  1. თუ პატიმრობა შეეფარდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებში მითითებული ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიის, კერძოდ, რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით;
  2. თუ პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან;
  3. თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, პატიმრობის ხანგრძლივობა ან პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ სამართალდარღვევასთან, რომლის ჩადენაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ან ეჭვმიტანილია;
  4. თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, იგი დაპატიმრებულია დისკრიმინაციულად სხვა პირებთან შედარებით;
  5. თუ პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს.“

რეზოლუციის თანახმად პირი, რომელსაც აღუკვეთეს პირადი თავისუფლება, უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად თუ მის საქმეში კმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი წინაპირობა მაინც.

საქმის შესწავლის საფუძველზე, GDI მიიჩნევს, რომ ჭიჭინაძის  პატიმრობა რეზოლუციის მინიმუმ “b” და “e” კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ანდრო ჭიჭინაძე არის პოლიტიკური პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ანდრო ჭიჭინაძეს პროკურატურა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში მონაწილეობას ედავება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4დან-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე ბრალდებით დაკავებულია აქციების მონაწილე კიდევ 10 პირი.

„ანდრო ჭიჭინაძეს პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან.

პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე დაკავებული პირების საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულთა მიერ ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, ბრალდებულთა ნაცნობობას, ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას ან რაიმე სხვა ფორმით ორგანიზებული სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მასში მონაწილეობას.

პატიმრობაში მყოფ პირებს პროკურატურა ედავება 2024 წლის ნოემბერ დეკემბერში სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ადგილას იზოლირებული ქმედებების ჩადენას, რაც პროკურატურის პოზიციით 225-ე მუხლის შემადგენლობას ქმნის. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწებული ქმედების შემადგენლობაში აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი ჯგუფის შექმნა/ორგანიზება. ამდენად, წინამდებარე საქმეზე არ არსებობს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის დამადასტურებელი არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, არამედ, რაიმე სახის მტკიცებულებაც კი, შესაბამისად, სახეზე ვერ იქნება ვერც 225-ე მუხლის მე-2 მუხლით გათვალისიწნებული დანაშაული“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმეში არათუ მტკიცებულება არ არსებობს, არამედ, საქმეში საერთოდ არ არის დაზარალებული პირი, „რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს“.

„შესაბამისად, აშკარაა, რომ საქართველოს პროკურატურა მოცემულ საქმეში სისხლის სამართლებრივი დევნას ერთი მხრივ, საპროტესტო აქციების იმიჯის დასაზიანებლად იყენებს, ვინაიდან მას წარმოაჩენს, როგორც ძალადობრივს, ხოლო მეორე მხრივ, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პირების რეპრესიებითა და დაპატიმრებით, მათ საპროტესტო ტალღის ტერორისა და საზოგადოების დაშინების ინსტრუმენტად იყენებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე ანდრო ჭიჭინაძეს სისხლისსამართლებრივი წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს წმინდად პოლიტიკური მიზნითა და მოტივით, ისე, რომ მის ქმედებას არ აქვს კავშირი რაიმე სახის დანაშაულთან“, – წერს GDI.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძეს პატიმრობა შეფარდებული აქვს „წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო“, ქმედებისთვის რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე დანაშაულთან.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, ჭიჭინაძის პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს.

GDI აღნიშნავს, რომ ანდრო ჭიჭინაძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან – „პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო აბსტრაქტული, ზოგადი და სტერეოტიპული არგუმენტაცია, რა დროსაც პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ არსებობდა არა მხოლოდ პატიმრობის გამოყენების, არამედ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი“.

„ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ანდრო ჭიჭინაძე არის პოლიტიკური პატიმარი. მისი საქმე წარმოადგენს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციის „b“ და “e” კრიტერიუმებით გათვალისწინებულ შემთხვევას.

პოლიტიკური პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“, – ნათქვამია ანგარიშში.

GDI-ის ანგარიშს „რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები საქართველოში – ანდრო ჭიჭინაძის საქმე” სრულად გაეცანით ბმულზე.