GDI პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

პუბლიკა

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ GDI-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, გიორგი კიკაბიძის და ოპერატორის, გენადი ქვაჩახიას სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მოსარჩელეები პარლამენტში დადგენილ აკრედიტაციის წესს ასაჩივრებენ, რომლის საფუძველზეც მათ ერთი თვით შეუჩერდათ პარლმენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ფორმულას“ ჟურნალისტს, გიორგი კიკაბიძეს მმართველი პარტიის წევრისთვის, ირაკლი ზარქუასთვის რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერა.

GDI-ს პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციდან გამომდინარე, „დაუშვებელია პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა“.

„გასაჩივრებული ნორმები არ ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ:

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინების გარეშე;

გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი არ აფასებს,  რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის: ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული;

პარლამენტის თავმდჯომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, პარლამენტში ჟურნალისტთა  აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.

გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას, მაგალითად ოპერატორებს. ამას ადასტურებს მოსარჩელე გენადი ქვაჩახიასთვის აკრედიტაციის შეჩერება, რომელიც სწორედ ტექნიკურად ახორციელებდა ინტევიუს ჩაწერას (მოსარჩელე გახლავთ ოპერატორი) და მას კითხვები არ დაუსვამს რესპონდენტისთვის“, – წერია GDI-ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმდჯომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, პარლამენტში ჟურნალისტთა  აკრედიტაციის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ჟურნალისტი არ შეწყვეტს ინტერვიუს.