GDI საქართველოს პარლამენტში ამოქმედებულ „უსაფრთხოების დაცვის წესს” არაკონსტიტუციურს უწოდებს და საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერ გამოცემულ ბრძანებას „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში 2023 წლის 18 სექტემბერს შევიდა.
GDI განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული წესები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში.
„გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება[1]. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების(ბანერის. პოსტერისა და სხვა), აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელია[2]. ამგვარი აკრძალვების საფუძვლად საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წესების დაცვა სახელდება.
GDI-ს პოზიციით, პარლამენტის თავმჯდომარის გასაჩივრებული ბრძანება კრძალავს არა მხოლოდ ისეთ გამოხატვას, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს წესრიგის დარღვევა, არამედ ისეთ გამოხატვასაც, რომელიც საფრთხეს ვერ შეუქმნის პარლამენტის სასახლეში წესრიგის დაცვას და პარლამენტის ნორმალურ საქმიანობას. სწორედ ამიტომ, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. დამატებით, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე შექმნილი მოწესრიგება, წინააღმდეგობრივია საპარლამენტო რესპუბლიკის ღირებულებებთანაც, ვინაიდან ძირს უთხრის პარლამენტის მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულებას და პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულ მოქალაქეებს საკუთარი მოსაზრებების გამოსახატად პარლამენტის სასახლის საჯარო ფორუმად გამოყენებისა შესაძლებლობას ართმევს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
GDI საგანგაშოდ მიიჩნევს 2023 წლის მარტის აქციების შემდგომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, საქართველო პარლამენტი დახურულ საჯარო დაწესებულებად აქციოს და ხელი შეუშალოს მოქალაქეების საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას.
ორგანიზაცია ასევე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ჟურნალისტთა აკრედიტაციაზე მიღებულ წესზე და მას პარლამენტის საჯაროობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არგუმენტად მოიაზრებს.
„ხელისუფლების მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯები აჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლების რეალური მიზანი კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლას და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის პროცესს“. – ვკითხულობთ განცხადებაში.
GDI მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.