GDI საკონსტიტუციოს „აიისას საქმიდან“ მანანა კობახიძის აცილების შუამდგომლობით მიმართავს

პუბლიკა

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მოსამართლე მანანა კობახიძის აცილება, ასევე მის მიმართ დისციპლუნური წარმოების დაწყება.

ორგანიზაციის განმარტებით, შუამდგომლობის საფუძველია 2020 წლის 12 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელთა შორის წარმოდგენილია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს შორის საუბრის ჩანაწერის კრებსი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი საუბრის თემა იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმე – „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციის ფაქტს ადასტურებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, თუმცა უარყოფს კონსულტაციას მოსამართლის მხრიდან

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე მანანა კობახიძე მიმდინარე საქმეზე ჰქონდა კომუნიკაცია საქმის შედეგით დაინტერესებულ გარეშე პირთან, სავარაუდოდ, გამოთქვა თავისი, წინასწარ განსაზღვრული პოზიცია და განაცხადა, რომ ის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მოსაზრებას იზიარებდა. ამასთან, მანანა კობახიძემ, სავარაუდოდ, ერთგვარი იურიდიული კონსულტაცია გაუწია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს და ურჩია, რომ პირადი აზრის ოფიციალურად დაფიქსირებისთვის შესაძლებელი იყო მისი მხრიდან „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული ფაქტები კი არღვევს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოსამართლის მიუკერძოებლობის სუბიექტურ და ობიექტურ ასპექტებს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ მოცემულ კონსტიტუციურ დავასთან მიმართებით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და მტკიცებულებები მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რაც არ თავსდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსთან და იგი უნდა ჩამოსცილდეს ანი გაჩეჩილაძის საქმის განხილვას. ამავდროულად, საქმის შესწავლა უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიამ და დაადგინოს, ხომ არ ჩაიდინა მანანა კობახიძემ მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, რაც მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია“, – აცხადებს ორგანიზაცია.