გედევან ფოფხაძეს გაცდენების გამო პარლამენტი ხელფასს უქვითავს

პუბლიკა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი დატოვოს.

როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აპარატი მას სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა. მისი თქმით, მეორე თვეა, კომიტეტის სხდომის გაცდენის გამო, ხელფასის 10% ექვითება. მისივე თქმით, გაცდენის მიზეზი კომიტეტის სხდომის გამართვაზე ინფორმაციის უქონლობაც არის ხოლმე, რადგან მას არ ატყობინებენ სხდომის გამართვაზე ინფორმაციას.

„მეორე თვეა, მაჯარიმებენ და მიმაჩნია, რომ ეს ჯარიმები პოლიტიკურად მოტივირებულია. რეგლამენტის მუხლი, რომლითაც მაჯარიმებენ, დისკრიმინაციულია. თუ კომიტეტის სხდომას ორჯერ გავაცდენ, ხელფასის 10% მექვითება. უკვე მეორე თვეა, მიქვითავენ ხელფასს. მე არ ვიყავი ინფორმირებული,  არ ვიცოდი, რომ ის სხდომები ტარდებოდა. დამოუკიდებელი დეპუტატის მიმართ  დისკრიმინაციულია რეგლამენტის ის ჩანაწერი, რომლითაც მაჯარიმებენ.

თუ ფრაქციის წევრს შეუძლია, უფლებამონაცვლეთ შეუნაცვლოს თავი და მე, დამოუკიდებელ დეპუტატს, არ მაქვს ამის შესაძლებლობა. მე რომ უმრავლესობის წევრი ვიყავი, როცა სადმე რაიმე გამიცდენია, ჩვეულებრივად მაძლევდნენ ხელისმოწერის საშუალებას და ახლა, როცა არ ვარ უმრავლესობაში, დამოკიდებულება სხვანაირია.

აპარატის რესურსს იყენებენ, რომ დამატებით დისკომფორტი შემიქმნან. ასეთ პირობებში „ქართულ ოცნებასთან“ თნამშრომლობა შეუძლებელია. შენ კახა ოქრიაშვილი და ილია წულაია გყავს პარლამენტში, ორივე ბიზნესმენი და მილიონერი, გედევან ფოფხაძეს როგორ აჯარიმებ ?“ – განუცხადა „პუბლიკას“ გედი ფოფხაძემ. მისივე თქმით, ამის გამო, მან შესაძლოა, დატოვოს განათლების კომიტეტი.

ტელეკომპანია „იმედი“ გაცდენების გამო დეპუტატების დაჯარიმებაზე სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კომენტარს ავრცელებს. შოთა ხაბარელის თქმით, გაცდენების გამო სხვა დეპუტატებიც ჯარიმდებიან.

მისი თქმით, რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატები ჯარიმდებიან როგორც პლენარული, ასევე კომიტეტების სხდომების გაცდენის გამო.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. გუნდიდან წასვლის მთავარ მიზეზად, ფოფხაძემ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები დაასახელა.