გეგმავდნენ, რომ მხარდამჭერებს სააკაშვილი კერძო კლინიკიდან „გაეთავისუფლებინათ" - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკიდან მხარდამჭერების დახმარებით მისი „გათავისუფლების” გეგმაც ჰქონდა.

„მათი მიზანი რა იყო, სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ ის დაიწყებდა ასე ვთქვათ, სიმულიანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება და ა.შ. რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში.

როგორი გეგმა ჰქონდათ და აქვთ: მისი ილუზიებით 30 ოქტომბერს მათი მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობის მობილიზება მოხდებოდა და წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდში არიან, რომ გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი ამომრჩევლები და მხარდამჭერები სააკაშვილს და „გაათავისუფლებდნენ”, – ამბობს პრემიერი.

შეკეთხვაზე, საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, პასუხობს: „პრემიერ-მინისტრი ვარ და როგორღაც მაქვს ინფორმაცია”.

„წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან და აჯერებენ მათი ამომრჩევლების მცირე ჯგუფს, რომ იქნებ ეს რაღაც მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ აღასრულა ბინძური პროვოკაცია – 2 ოქტომბერს გამოსულიყო რუსთაველზე და იქ მომხდარიყო 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა, და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პრიობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში. „ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება”. 

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართეს და რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებიან.