გვიან ღამით „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა გაავრცელეს.
„ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, იმავე მუხლით ასევე დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ვ.ქ.
შსს-ს მტკიცებით:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ხ. და ვ.ქ. ბრალდებულების სახით დააკავეს”.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
გელა ხასაია ამ ეტაპზე დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი, ის გვიან ღამით მისმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ მოინახულა.
მისი განცხადებით, სავარაუდოდ, საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელშიც გელა ხასაიასთვის უცნობი პირები მონაწილეობდნენ და რომელსაც ხასაია შეესწრო.
„შემთხვევა არის მინიმუმ 1 თვის ხანდაზმულობით, საუბარია გარკვეული ტიპის კონფლიქტზე, რომელიც სადგურის მოედნის მიმდებარედ მოხდა, სადაც გელასთვის უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტის ერთ-ერთი შემსწრე იყო გელა ხასაია. […] თეორიულად იგი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც შესაძლოა, რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. […]
ის, რომ თვითონ არ ყოფილა არავითარი კონფლიქტის მონაწილე, ეს ცხადი და ერთნიშვნელოვანია, ამის დადასტურება იქნება შეუძლებელი“, – თქვა ფურცელაძემ.
ადვოკატის თქმითვე, გელა ხასაიასაც უჭირს, აღიქვას, „რაში გამოიხატება მისი ჩადენილი ე.წ. დანაშაულებრივი ქმედება და რა მიზეზით არის მოთავსებული იზოლატორში”.
„ძალიან უჭირს ამის აღქმა. მაგრამ ერთ-ერთი ვერსია, რომელიც გაჟღერდა, შესაძლოა, საუბარი იყოს ხელოვნურად შექმნილ სცენარზე, რომლის მიზანიც იყო გელა ხასაიას დისკრედიტაცია მისი დაკავების მიზნით.
გელას გადმოცემით, ყველა ის პოლიციელი, რომელიც იღებდა მონაწილეობას დაკავებაში, ან შეხვდა განყოფილებაში დაკავების შემდეგ და მოუწია კომუნიკაცია, იყო ყველა ის ადამიანი, რომელიც სხადასხვა დროს ყოფილა აქციაზე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და მათ შორის, ცალკეული პოლიციელების მხრიდან გელა ხასაიას პირადად მიუღია მუქარა, რომ მას დააკავებდნენ და დააკავებდნენ არაადმინისტრაციული წესით.
ომარ ფურცელაძის თქმით, გელა ხასაიას ეს ფრაზები მოუსმენია სხვადასხვა დროს სხვა აქტივისტებთან ერთად, ვისაც შეეძლებათ, დაადასტურონ – კონკრეტული დამკავებელი პოლიციელები სხვადასხვა დროს როგორ ემუქრებოდნენ გელა ხასაიას დაკავებით“, – თქვა ომარ ფურცელაძემ.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს „პრეტენზია ამ ეტაპზე არ ჰქონია“, თუმცა, მისი საუბრიდან გამომდინარე, „მთელი რიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა იმ დროის განმავლობაში, რა დროის განმავლობაშიც ის იმყოფებდა პოლიციის განყოფილებაში.
მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ეპიზოდი გახლდათ, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა: „ხომ დაჰპირდა, რომ დააკავებდა ასე, სისხლის სამართლის წესით”, – ამბობს ფურცელაძე.