ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა სასამართლოში ჩვენება მისცა.
მისი ჩვენების შინაარსს „ტვ პირველი და „ფორმულა” ავრცელებენ.
ტელემედიების თანახმად, გელა უძილაურმა თქვა, რომ ლევან ჯანგველაძეს პირადი უთანხმოების საფუძველზე ესროლა. ეს ეწინააღმდეგება პროკურატურის ვერსიას, რომლის თანახმადაც, უძილაურმა შეკვეთილი მკვლელობა შეასრულა.
დღევანდელ პროცესზე გელა უძილაურმა თქვა, რომ 2022 წელს, უკრაინაში ყოფნის დროს, მეგობრობდა მოქალაქე სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა და ამ საკითხზე ჯანგველაძესთან დალაპარაკება მოინდომა, შეხვედრაზე კი ჯანგველაძე მათ „ძალიან ცუდად მოექცა”.
კერძოდ, გელა უძილაურის თქმით, ჯანგველაძემ ბონდარენკოს ბიტკოინების ქარხანა წაართვა.
„2022 წელს მე ვიყავი უკრაინაში. იქ ვიყავი ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორის პოზიციაზე. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია.
იქ დავძმაკაცდი სერგეი ბონდარენკოსთან. ძმაკაცები ვიყავით. სერგეის ჰქონდა ბიტკოინების ქარხანა. ეს ქარხანა წაართვეს მას ქართველმა კრიმინალებმა, ჯანგველაძეებმა… რადგან ქართველი ვარ, სერგეის მოეწონა დალაპარაკებისა და ლევანთან სკაიპთ დაკონტაქტების აზრი.
დავეკონტაქტეთ. ლევანს ვთხოვეთ წყნარად, თუ გაითვალისწინებდა, ქართველი რომ ვიყავი. შეხვედრის ადგილი დაგვითქვეს. მე და სერგეი მივედით შეხვედრის ადგილას. ძალიან ცუდად მოგვექცნენ. გადაგვიარეს ზედ.
ჩაგვყარეს მანქანაში და სადღაც ჩამოგვყარეს. შეურაცხყოფილები და გასაზიზღრებულები დაგვტოვეს. იქიდან წამოვედი, ცოტა ხანს კიდევ გავჩერდი უკრაინაში და წამოვედი საქართველოში”. – მოჰყვა გელა უძილაურმა, ტელემედიების თანახმად.
მისივე თქმით, ლევან ჯანგველაძეზე მას მხოლოდ დადებითი შეფასებები ესმოდა, თუმცა თავად ძალიან შეურაცხყოფილი იყო.
უძილაური ამბობს, რომ საქართველოშიც უნდოდა ლევან ჯანგველაძესთან დალაპარაკება.
„მინდოდა, მეთქვა, რომ როგორც შენ მოგვექეცი, საჭიროებას არ წარმოადგენდა. პირდაპირ გეტყვით, ლევანთან პირდაპირი კონფლიქტი არ მაწყობდა. 13 მარტს სერგეი მოვიკითხე. სერგეიმ მითხრა, ლევანს ახლო მეგობარი დაეღუპა საქართველოშიო. მაშინ ვიფიქრე, რომ ლევანი შეიძლებოდა ჩამოსულიყო.
13 მარტს ვიყავი მისული მისამართზე და ვნახე, სადაც იყო სამძიმარი. გავიგე, რომ დაკრძალვა უნდა ყოფილიყო 15-ში.
მოკლედ, მივედი სამძიმარზე. თუ მოვიდოდა, მოვიდოდა თუ არა და წავიდოდი სახლში. ველოდებოდი. ტელეფონში ჩავყურებდი, რაღაც თამაში მეწერა და ვთამაშობდი. ამ დროს ლევანის ხმა გავიგონე… მოვიდა, მისამართი მკითხა.
ლევანის ხმა რომ გავიგონე, მაგრად დავიბენი რა და ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი. მინდოდა გამოვლაპარაკებოდი და მეთქვა, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ აღელვებული ვიყავი ძალიან და არ მინდოდა, კონფლიქტში შევსულიყავი. მეთქი, ავა და რომ ჩამოვა მერე-თქო.
ლევანი რომ ჩამოვიდა, მარტო იყო, ასე დავინახე მაშინ, მერე გავიგე, რომ მეორე ახლდა. რომ დავინახე, სკამზე ვიჯექი და ავდექი ფეხზე. რომ გამოიარა შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა, მე ლევანის მიმართულებით წავედი. ერთი შემოტრიალება შემომხედა, მეც შევხედე და მაგრად დავიძაბე. მეგონა, იარაღს ამოიღებდა.
თავი ვეღარ გავიკონტროლე რა. მინდოდა დამეჭრა. რომ ამოვიღე იარაღო და გავისროლე, ლევანის არ მოხვედრია. წაიქცა და მე ვუთხარი, არ ამოიღო იარაღი, გესვრი-მეთქი. სანამ ამოიღებდა, ვესროლე.
ვაპირებდი პოლიციას ჩავბარებოდი. სასტუმროში შევედი, რომ ლევანის შესახებ ინფორმაცია გამეგო, ტელევიზორი ჩავრთე და გავიგე, რომ მოკვდა. მერე წავედი მონასტერში. ვეღარ გავჩერდი და ვაპირებდი, ორშაბათს პოლიციას ჩავბარებოდი… ძაან არეული ვიყავი,” – თქვა გელა უძილაურმა.
„ტვ პირველის” თანახმად, გელა უძილაურმა ასევე ახსენა „უკრაინელი პროგრამისტი სვეტა”, რომელთანაც ის პაემანზე უნდა წასულიყო, თუმცა, ვერ შეხვდა.
„საბოლოოდ ვერც სვეტას შევხვდი, ვეღარც რაიონში წავედი და მივედი ჭავჭავაძეზე იქნებ დღეს მოვიდეს ლევან ჯანგველაძე-თქო. რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი. გზაზე ფეხით ვიარე, ავტობუსითაც ვიმგზავრე ტაქსითაც და მივედი სადაც ეს უბედური ამბავი მოხდა”. – თქვა გელა უძილაურმა.
გელა უძილაურს ბრალი ედება ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობაში.
ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის 14 მარტს მოკლეს. ჯანგველაძე „კანონიერი ქურდის“, მერაბ „სოხუმსკის“ ძმაა. დაიჭრა მისი მძღოლი და ამავე დროს, დაცვა გია ჩადუნელი.
გელა უძილაური, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია, 3 დღეში დააკავეს.
2025 წლის 24 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ბრალდებით დააკავეს სანდრო წივწივაძე. პროკურატურის განცხადებით, წივწივაძემ 2018-2019 წლებში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები უკანონოდ გაასაღა სხვადასხვა ადამიანებზე. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ჯანგველაძის მკვლელობისას იყო გამოყენებული.
2024 წლის 14 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ძმებს – დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ არიან. მათზე ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურის ვერსიით, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ჯანგველაძესთან და „ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება“.
გამოძიება აცხადებს, რომ გელა უძილაურმა შეკვეთილი მკვლელობა შეასრულა.
„რადიო თავისუფლების” ცნობით, 2025 წლის 24 სექტემბერს გამომძიებელმა სასამართლო პროცესზე „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით ახსენა საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ასევე 2013 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. კერძოდ, დეტექტივმა თქვა, რომ ჯანგველაძის მკვლელობა „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ფარცხალაძესა და მიქაძეებს შეუკვეთა.