გელაძე: თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი - ნაპოვნია 18 დაღუპული

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის განცხადებით, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, მათგან ნაპოვნია 18 ცხედარი, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

„პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, გუშინ დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში განიცადა კატასტროფა.

ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. სამწუხაროდ, 18 მათგანი ნაპოვნია და დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან.

შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და დეტალებზე თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა გელაძემ.

თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიფრინავდა, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გუშინ, 11 ნოემბერს, ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის ადგილზე ქართულ უწყებებთან ერთად თურქეთის სამაშველო ჯგუფები და შეიარაღებული ძალები მუშაობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.