გელაშვილი: არ ვიმსახურებდი, რომ სააკაშვილის ჯარიმის გამო ამ ხელისუფლებამ ქონება მიმატანინა

პუბლიკა

თეა წულუკიანის კომისიაზე დღეს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი გამოიკითხა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, როცა წულუკიანმა გელაშვილს მადლობა გადაუხადა, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ „ამას არ იმსახურებდა” და მაგიდაზე ის საჩივრები დაუდო, რომლებიც მის სადავო საქმეებს ეხება.

როგორც გელაშვილმა თქვა, ეს არის საჩივრები, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პროკურატურაში შეიტანა და რომელთა საფუძველზეც საკუთარი ქონების დაბრუნებას ითხოვს, თუმცა საქმეები დღემდე დასრულებული არ არის.

„[ვგულისხმობ საჩივრებს] გემთმშენებლობის ნაწილში და მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს ჯარიმა არ მეკუთვნოდა“. – თქვა ვალერი გელაშვილმა.

წულუკიანმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა გასაჩივრებული აღნიშნული საქმეები, რაზეც გელაშვილმა თქვა: „საკუთარ ხელისუფლებას ვუჩივლო? რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?“

თეა წულუკიანმა გელაშვილს ასევე უთხრა, რომ მას ამ საქმეებზე მას ორი ინსტანცია უკვე მოგებული აქვს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვერ შეძლებდა. თავის მხრივ კი გელაშვილმა თქვა, რომ „სააკაშვილი უკვე წასული ისტორიაა”.

გელაშვილის ამ რეპლიკას წულუკიანმა უპასუხა:

„ამ სხდომას პროკურატურა და საქართველოს სასამართლოებიც უსმენენ და იმედი მაქვს, რომ თქვენი სხვა პროცედურებიც დამთავრდება ისეთივე წარმატებით, როგორც, ხაზს ვუსვამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოიძია თქვენზე თავდასხმის საქმე და დაისაჯნენ ის პირები, ვინც იყვნენ დამკვეთები. შესაბამისად, ესეც უნდა აღინიშნოს ხმამაღლა. რომ არა ეს, დღეს ფაქტობრივი გარემოებები დადგენილიც კი არ იქნებოდა.

ამიტომ, მადლობა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისთვის და იმ საქმეზე, რომელიც შეტანილი გაქვთ, იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის შედეგი, რომელიც თქვენ მოგწონთ. მადლობა მობრძანებისთვის, ახლა უკვე ნახვამდის!”.

მიხეილ სააკაშვილს 6-წლით თავისუფლების აღკვეთა ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე აქვს მისჯილი.

ყოფილ დეპუტატს 2005 წელს სცემეს. პროკურატურის განცხადების თანახმად, გელაშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით სცემეს, რადგან ვალერი გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ენმ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ კრიტიკულად ისაუბრა.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენები გამოტანილია ვანო მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძის მიმართაც.