გელათის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენგეგმა შემუშავდება - ღარიბაშვილი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

„ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გელათის მონასტერში პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


რა მოხდა გელათში?

გელათი სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.

2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს.

ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.

ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.

ამავე პერიოდში, კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად სამინისტრომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა და ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია მოიწვია. მისიამ საქართველო 2022 წლის 2 დეკემბერს დატოვა. UNESCO- ს დასკვნა ჯერ ცნობილი არაა.

უკვე ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.

25 თებერვალს თეა წულუკიანმა გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქოს გადააბარა.