საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ UNESCO-ს ექსპერტებთან ერთად გელათის საკითხზე პრესკონფერენცია გამართა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს UNESCO-ს არქიტექტორ-რესტავრატორმა, უგო ტონიეტმა განუცხადა, რომ გელათში ვითერება არ არის სახარბიელო. სპეციალისტის განცხადებით, წყლის ინფლიტრაცია გრძელდება.
„ყოველდღე ავდიოდით ტაძრის სახურავზე და გულწრფელი რომ ვიყო, სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. წყლის ინფილტრაცია დღეის მდგომარეობითაც გრძელდება, რაც იწვევს დაზიანებას. ჩვენ ამ ეტაპზე ვსწავლობთ მდგომარეობას, რომ დავსვათ დიაგნოზი, რატომ ხდება წყლის ინფილტრაცია. ვფიქრობთ, სახურავის გარკვეულ ნაწილზე ძველი ტექნიკით გადახურვა შეიცვალა ახალი ტექნოლოგიით, ამ ეტაპზე ვსწავლობთ, ცვლილებების დროს სად იყო შეცდომა დაშვებული. ბევრი ფაქტორი არსებობს და კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა გაირკვეს, რა არის ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა მის დაზიანებაზე“, – განაცხადა უგო ტონიეტიმ.
მისი თქმით, ფრესკები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და საჭიროა შესაბამისი კვლევა, რათა სპეციალისტებმა იპოვონ გამოსავალი.
„მესამე საკითხია, რა ხდება ამ დროისთვის ეკლესიის შიგნით. ფრესკები, რომლებიც ეკლესიაშია, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რაღაც, რომ არსებული სურათი შეიცვალოს. ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს შეიცვალოს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ნაკლები ხარისხით ჩავერიოთ, მაგრამ გვჭირდება ბევრი კვლევა და ანალიზი. იტალიაში ჩატარდება კვლევა და უნდა მივაგნოთ გამოსავალს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვითარება გამოსწორდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან არქიტექტორ-რესტავრატორმა უგო ტონიეტმა.
კედლის მხატვრობის სპეციალისტის, ვინჩენცო ჩენტანის განცხადებით, გელათში ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება.
„40 წლის გამოცდილება გვაქვს კონსერვაციისა და რესტავრაციის. პრობლემების შექმნის მთავარი მიზეზი იყო სახურავიდან მონასტრის შიგნით წყლის ჩასვლა. ამ წყალმა გამოიწვია მარილების მოძრაობა კედლებში, რამაც დააზიანა საღებავი, ფერწერის, პასტელის სხვადასხვა ფერის დაზიანება გამოიწვია. ყველაზე სერიოზული დაზიანებები არის დასავლეთ ფრთაზე, რომელიც არის ტაძრის სამხრეთი ნაწილი. თუმცა დეგრადაცია და პრობლემა სხვაგანაც შექმნილია. ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება. სწორი მიდგომის შემთხვევაში, შევაჩერებთ ამ პროცესს“, – განაცხადა კედლის მხატვრობის სპეციალისტმა, ვინჩენცო ჩენტანიმ.
2020 წლის მარტში პროფესიული წრეებისთვის ცნობილი გახდა, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის გამოც დასავლეთ ნაწილში წყალი ჩადიოდა და ზიანდებოდა კედლის მხატვრობა.
მხატვრობის დაზიანებები გამოვლინდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაზეც. გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა, რამაც ინტერიერში წყლის ჩაჟონვა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია.
ხარვეზების სათანადოდ იდენტიფიცირებისა და კვლევებისათვის საჭირო გახდა მისი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა.
კომპანიამ, რომელიც გელათში მუშაობდა, სააგენტოსთან და მის სპეციალისტებთან თანამშრომლობით გადაწყვიტა, რომ გელათის მთავარი ტაძარი თუნუქის სახურავით დროებით გადაეხურა, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა.
დარგის სპეციალისტები და თემაზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ თუნუქის სახურავით დროებითი გადახურვა ინფილტრაციის პროცესს ვერ შეაჩერებდა.
2021 წლის იანვარში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დროებითი გადახურვის შემსრულებელი კომპანიის მიერ ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ძეგლზე გამოსასწორებელი სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შეიცვალა.
გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007- ს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ. კულტურული მემკვდირეობის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლები გელათზე ხარვეზებით ჩატარებულ სამუშაოებზე სრულ პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიებს აკისრებდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის სახურავის დაზიანების მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დასადგენად გამოძიება დაიწყო.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, ის გაეცნო გელათში მიმდინარე პროცესებს. თეა წულუკიანის განცხადებით, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს „სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული გელათის რესტავრაციის პროცესში“.
მინისტრის ამ განცხადებების შემდეგ თანამდებობა დატოვა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ. თუმცა ანთიძემ უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს მან თანამდებობა გელათის ტაძრის არასათანადო რეაბილიტაციის გამო დატოვა.
UNESCO-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობის შესასწავლად 23 ივნისს ჩამოვიდნენ.