კულტურის სამინისტროს ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში ტენიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ახალი დროებითი გადახურვა მოეწყობა.
უწყების ცნობით, ყველა აუცილებელი სამუშაო დაიწყება 13 მაისიდან და დასრულდება ივნისის დასაწყისში.
„გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმება. ყველა აუცილებელი სამუშაო დაიწყება 13 მაისიდან და დასრულდება ივნისის დასაწყისში.
დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება.
ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორქთლებლად, ვინაიდან, დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას.
კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. 13 მაისიდან დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად პროფესორი უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს. იგი საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში”, – ნათქვამია განცხადებაში.
2020 წლის თებერვალ-მარტში დაზიანებები გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვაში გამოვლინდა. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი დაბალი ხარისხის იყო, რამაც ინტერიერში წყლის ჩაჟონვა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია. ხარვეზების სათანადოდ გამოვლენისა და კვლევებისთვის საჭირო გახდა მისი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა. კომპანიამ, რომელიც გელათში მუშაობდა, სააგენტოსთან და მის სპეციალისტებთან თანამშრომლობით გადაწყვიტა, რომ გელათის მთავარი ტაძარი თუნუქის სახურავით დროებით გადაეხურა, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა.