გელათზე დასკვნის გასაჯაროების პარალელურად ჩუბინაშვილის ცენტრში ფინანსური შემოწმება იწყება

პუბლიკა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში აუდიტი შევიდა და ფინანსურ შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ცენტრის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.

ჩუბინაშვილის ცენტრმა გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე რესტავრაციის შესახებ მოამზადა დასკვნა, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა. დასკვნა საპატრიარქოს მიმართვის საფუძველზე მომზადდა.

ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ აუდიტი ცენტრში დასკვნის გასაჯაროებამდე შევიდა, თუმცა ჩუბინაშვილის ცენტრი რომ დასკვნას ამზადებდა, ეს ინფორმაცია სამინისტროსა და პროფესიული წრეებისთვის ცნობილი იყო.

„აუდიტის შესახებ ჩვენ გვეცნობა დასკვნის გასაჯარეობამდე, ამიტომ რამდენად არის დაკავშირებული ამასთან [გელათის შესახებ დასკვნასთან], ვერ გეტყვით. რას ემსახურება, ესეც არ ვიცით. აუდიტი ფინანსებს სწავლობს და ნუ, ჩვენი ფინანსების გათვალისწინებით ცოტა სასაცილოდ გამოიყურება“, – ამბობს ცენტრის თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია.


გელათის შესახებ ანგარიშის მომზადების ეტაპზე ცენტრის ექსპერტებმა შეისწავლეს კონსერვაციის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის 20 იანვარს იმყოფებოდნენ გელათში.  ანგარიში 36-გვერდიანია და ცენტრის გვერდზეა განთავსებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია. ძეგლის რესტავრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გაუმჭვირვალეა და უკიდურესად ცენტრალიზებული.