გემი სანქცირებულ ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს - სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შევიდა.

სამინისტროში ამბობენ, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში.

ამის შემდეგ, როგორც სამინისტროში ამბობენ, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში.

„რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს”, – ნათქვამია გნცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით,  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში.