გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), შვედეთის ხელშეწყობით, გამოაქვეყნეს ახალი კვლევა IMAGES 2024: კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში – საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება.
კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ 2013 და 2019 წლებთან შედარებით, 2024 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის აღქმები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის მიმართ უფრო კომპლექსური და ამბივალენტურია. ზოგადი ცნობიერება გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მცირდება, ხოლო თაობებს შორის სხვაობა იზრდება.
მოსახლეობის 57.5% მიიჩნევს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, თუმცა კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 62%, თვლის, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ამავდროულად, ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კვლევის მიგნებები
ზრუნვისა და საოჯახო შრომა:
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ზრუნვისა და საოჯახო შრომა კვლავ გენდერული ნიშნით ნაწილდება, ხოლო ბავშვების მოვლა, საჭმლის კეთება და სახლის დალაგება უმეტესწილად ქალის მოვალეობად მიიჩნევა. 10-დან 6 ქალი ამბობს, რომ ბავშვის მოვლა ძირითადად მათი მოვალეობაა, რასაც კაცების ნახევარი ადასტურებს. მეორე მხრივ, ქალებისა და კაცების დაახლოებით 40% ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვის საკითხები პარტნიორებს შორის განაწილებულია.
გამოკითხულთა უმრავლესობა – ქალების 77% და კაცების 85% – ამბობს, რომ კმაყოფილია პარტნიორებს შორის მოვალეობების არსებული განაწილებით. ეს მონაცემი ოდნავ გაზრდილია 2019 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნულ მოსაზრებას ქალების 73% და კაცების 78% იზიარებდა.
კაცების უმრავლესობა (69%) და ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი (47%) მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს. 2019 წელს, ამ მოსაზრებას ნაკლებად ეთანხმებოდნენ როგორც კაცები (68%), ისე ქალები (34%).
მემკვიდრეობის განაწილება:
2019 წელთან შედარებით, მეტი ქალი და ნაკლები კაცი მიიჩნევს, რომ ოჯახური მემკვიდრეობა ქალებსა და კაცებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. 2019 წელს მშობლების სახლის თანაბრად განაწილებას კაცების 60.6% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს ეს მონაცემი 51.5%-მდე შემცირდა.
ბიზნესი და ლიდერობა:
საქართველოს მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ ქალს და კაცს თანაბარი წარმატებით შეუძლიათ მართონ ბიზნესი. გენდერული სხვაობა ამ საკითხშიც შეიმჩნევა, რადგან აღნიშნულ მოსაზრებას 20%-ით მეტი ქალი ემხრობა.
2019 წელთან შედარებით, ქალები ბიზნესში ლიდერობას მეტი თავდაჯერებულობით უყურებენ. 2019 წელს ქალების 56% თვლიდა, რომ კაცების მსგავსად, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ბიზნესში, ხოლო 2024 წელს ეს მონაცემი 62%-მდე გაიზარდა. კაცების შემთხვევაში პირიქით, ამ დებულების მხარდაჭერა 54%-იდან 44%-მდე შემცირდა.
ასევე გაიზარდა იმ კაცების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიზნესში კაცი უკეთესი ლიდერია.
განსხვავებების მიუხედავად, გამოკითხულთა უმეტესობა – ქალების 60% და კაცების 50% – მიიჩნევს, რომ ქალები და კაცები თანაბარ სირთულეებს აწყდებიან კარიერული ზრდის მხრივ. უმეტესობა ასევე ფიქრობს, რომ სამსახურთან ერთად, ქალის პრიორიტეტები ტრადიციულ საოჯახო საქმიანობასაც უნდა მოიცავდეს.
პოლიტიკური მონაწილეობა:
2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში იცვლება პოლიტიკოს ქალთა მიმართ დამოკიდებულება და ამავდროულად, იზრდება გენდერული საარჩევნო კვოტირების მხარდაჭერა.
კაცების შემთხვევაში ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა. 2019 წელს გენდერულ საარჩევნო კვოტირებას კაცების 44.4% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს ეს მონაცემი თითქმის 10 პუნქტით გაიზარდა და 54.1% შეადგინა.
გამოკითხულთა 62% – ქალების 71.6% და კაცების 51.8% – მხარს უჭერს ქალთა უფრო აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში, რადგან ეს ქვეყნისთვის სასიკეთოა. ქალთა შეხედულებები ამ მხრივ არ შეცვლილა 2019 და 2024 წლებს შორის, ხოლო კაცების მხარდაჭერა თითქმის 7 პუნქტით გაიზარდა. 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა. თორმეტი წლის წინ, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას გამოკითხულთა 50% უჭერდა მხარს – ქალების 56% და კაცების 43%.
მითები გაუპატიურების შესახებ
კვლევის თანახმად, გაუპატიურების შესახებ მითების კაცებს უფრო სჯერათ, ვიდრე ქალებს. თითქმის ყოველი მესამე კაცი ეთანხმება, რომ გაუპატიურების შემთხვევის დროს ისმის კითხვა, ხომ არ აქვს გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია.
ასევე, თუ ქალი ფიზიკურად არ ეწინააღმდეგება კაცს, ვერ იტყვი, რომ ეს გაუპატიურება იყო. ამ დებულებებს ყოველი მეოთხე ქალი ეთანხმება. კაცების მეხუთედი თვლის, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს უნდათ, რომ გააუპატიურონ, რასაც ქალების 12.1% ეთანხმება.
ყოველი მეხუთე კაცი ასევე თვლის, რომ ზოგადად, როდესაც ქალს აუპატიურებენ ეს ნიშნავს, რომ მან რაღაც ისეთი გააკეთა, რომ თავი ამ მდგომარეობაში ჩაიგდო.
ქალებს შორის ამ მოსაზრებას 10.9% ეთანხმება. კაცების 17.1% და ქალების 14.2% თვლის, რომ თუ ქალს ფსიქო-სოციალური საჭიროებები აქვს, ვერ იტყვი, რომ ეს გაუპატიურება იყო.
2019 წელთან შედარებით, 14.4%-იდან 21.2%-მდე არის გაზრდილი კაცი რესპონდენტების წილი, ვინც გაუპატიურების შემთხვევას ქალის დაუდევრობას უკავშირებს.
მეორე მხრივ, კაცების წილი, ვინც თვლის, რომ ფიზიკური წინააღმდეგობის გარეშე ინციდენტი არ განიხილება, როგორც გაუპატიურება, 50.4%-იდან 35.1%-მდე არის შემცირებული.
კაცების 20.2% მიიჩნევს, რომ ქალებს რეალურად სურთ, რომ ისინი გააუპატიურონ. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 32.9% იყო.
კაცების ნახევარი, ხოლო ქალების 2/5 თვლის, რომ კაცები მუდამ მზად არიან სექსისთვის.
გარდა ამისა, კაცების მეოთხედი ფიქრობს, რომ კაცს სხვა ქალებიც სჭირდება, მაშინაც კი, თუ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ასეთ მიდგომას ქალების 12.9% ეთანხმება. 2019 წელთან შედარებით 64.9%-იდან 55.7%-მდე არის შემცირებული კაცების წილი, ვინც თვლის, რომ კაცები მუდამ მზად არიან სექსისთვის. ხოლო 39.9%-იდან 27.3%-მდე არის შემცირებული კაცების ნაწილი, ვინც მიიჩნევს, რომ კაცს სხვა ქალებიც სჭირდება
თაობებს შორის განსხვავება:
ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მეტად უჭერენ მხარს გენდერულ თანასწორობას, როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
18-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ქალების მხოლოდ 28.6% და კაცების 49% ეთანხმება დებულებას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. 30-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მონაცემი უფრო მაღალია: ქალებისთვის 47.7%, კაცებისთვის 65.2%. ხოლო 55 წლის და მეტი ასაკის რესპონდენტებში კიდევ უფრო მაღალი: ქალებისთვის 67.2%, კაცებისთვის 76.7%.