საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს.
22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
გიორგი კვინიტაძე იყო ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.