გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

პუბლიკა

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

„სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას.

„თქვენს ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება, ანუ აღსრულდა ის ოცნება, რომელიც თქვენ საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება გამოძრავებდათ, როცა შორიდან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიზანს ემსახურებოდით.

დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედების დღეა! ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა თაობებს თქვენსავით სჯეროდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის და ესმოდეთ, რამდენს ნიშნავს ერთგულად სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.