ოდესის პორტზე რუსების მიერ მიტანილი სარაკეტო იერიში გაეროს გენერალურმა მდივანმა გააკრიტიკა. ანტონიო გუტიერეშის წარმომადგენლის განცხადებით, გენერალური მდივანი ცალსახად გმობს პორტის დაბომბვას.
„გენერალური მდივანი ერთმნიშვნელოვნად გმობს დღეს გავრცელებულ ცნობას ოდესაში უკრაინულ პორტზე განხორციელებულ იერიშზე. გუშინ, ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება გლობალურ დონეზე, რომ უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილება მსოფლიოს ბაზრებზე.
ეს პროდუქტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანისთვის ტანჯვის შესამსუბუქებლად მსოფლიოს გარშემო“, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში.
დღეს მარცვლეულის გასატანად უკრაინული პორტების განბლოკვაზე შეთანხმებიდან მეორე დღესვე რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. ოდესის პორტზე, რომელიც ყველაზე დიდია, რუსებმა ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს იერიში.
როგორც უკრაინული მედია წერს, რაკეტების სამიზნე ზუსტად ის ტერიტორია იყო, საიდანაც მარცვლეული ექსპორტი უნდა დაიწყოს.
გლობალური სასურსათო კრიზისისთვის თავის ასარიდებლად, გაეროს ჩართულობით, რუსეთთან გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სამი უკრაინული პორტისთვის ხელი არ შეეშალა. როგორც ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, მათ გასული წლის მოსავლიდან 20 მილიონი ტონა მარცვლეული დარჩათ, რასაც მალევე წლევანდელიც დაემატება.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოდესის მიმართულებით გაშვებული 4-დან 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, მაგრამ დანარჩენი ორი პორტს დაეცა.