„კონსტიტუციური კანონის პროექტიდან, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ ძალას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება. აღნიშნული გადაწყვეტილება ამცირებს პროკურატურის უწყების დემოკრატიზაციის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პერსპექტივას“,- ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილის შეთანხმების შედეგად მომზადებულ კანონპროექტში, რეფორმის საკითხი შედარებით ვიწროდ იყო მოყვანილი და სათანადოდ არ მოიცავდა რეფორმისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხს, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ერთი მხრივ, იღებდა პასუხისმგებლობას სისტემის დემოკრატიულ გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ, ხაზს უსვამდა დასავლური ღირებულების გაზიარებას მთლიანად მართლმსაჯულების სისტემების დემოკრატიზაციის პროცესში.
მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება მით უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ არ მოგვისმენია არსებითი განმარტება, ან დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა მიიღოს პარლამენტმა ცვლილებები. აღნიშნული გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარს აცხადებს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების განვითარებაზე და აგრძელებს პროკურატურაზე გავლენების შენარჩუნებას“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განაახლოს მსჯელობა პროკურატურის და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმაზე და ამ პროცესში გაითვალისწინოს სამოქალაქო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები და რეკომენდაციები.