გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საბჭოს 11 კანდიდატი წარედგინა

პუბლიკა

განახლება: იმ დროისთვის, როდესაც „პუბლიკამ“ მასალა გამოაქვეყნა (11:20), საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე 9 კანდიდატის შესახებ ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული, თუმცა მოგვიანებით სიას კიდევ 2 კანდიდატი დაემატა.

საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად 11 კანდიდატი წარედგინა.

  1. ადვოკატი ლალი ბუნტური
  2. ადვოკატი გიორგი გაგნიძე
  3. ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე
  4. ადვოკატი ანდრონიკ სარიბეკოვი
  5. ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი
  6. ადვოკატი დავით ბარბაქაძე
  7. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე
  8. ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე
  9. ადვოკატი პაატა შავაძე
  10. ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი
  11. გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც წარადგინეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან, და არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“. საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.