გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება

პუბლიკა

გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება.

გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს კენჭისყრაზე დღეს, 11 ივლისს, ფარული კენჭისყრით, 11 ხმით, აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილე ყველა პირმა მას დაუჭირა მხარი.

გაბიტაშვილთან ერთად კენჭი უყარეს დარეჯან ბუცხრიკიძისა და ვიქტორ ახალბედაშვილის კანდიდატურებს, თუმცა მათ საპროკურორო საბჭოს ხმების მიღება ვერ შეძლეს.

საპროკურორო საბჭო ამ ეტაპზე 12 წევრისგან შედგება, მათ შორის, 2 მოსამართლეა, 2 – პარლამენტის წევრი (იაგო ხვიჩია და რატი იონათამიშვილი), დანარჩენი კი – პროკურორი.

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია კენჭისყრას არ დაესწრო. წინა დღეებში ის მედიასთან აცხადებდა, რომ წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ვინ გახდებოდა გენერალური პროკურორი. ხვიჩიას აზრით, ამ პოსტს სწორედ გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს.

ხვიჩიას პოზიციით, წინასაარჩევნო პერიოდში 6 წლით პროკურორის არჩევა მიზანშეწონილი არაა.

როგორ ირჩევს კანდიდატს პარლამენტი

საპროკურორო საბჭოს წარდგინებით, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), 6 წლის ვადით აირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

თუ გიორგი გაბიტაშვილი ვერ მიიღებს არჩევისთვის საჭირო ხმებს, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა.

გიორგი გაბიტაშვილის შესახებ

გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. ის ჯერ სტაჟიორი იყო, სტაჟირების დასრულებისთანავე კი დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.

2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც ის საქმიანობდა 2013 წლამდე.

2013 წლის 14 იანვრიდან ის გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი.

გაბიტაშვილი ამავე წელს დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ.

გენერალური პროკურორობის კონკურსში გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინეს „აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამავდროულად პროკურორები არიან, და არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.