ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია. ნახევარფინალში მან ირანელ ზარეს დაძაბულ შეხვედრაში 6:3-ით სძლია.
ფინალური ბლოკი 6 აგვისტოს გაიმართება.
გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. პირველ შეხვედრაში კი ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 11:0 დაამარცხა.
ტოკიო 2020-ზე თავისუფალ ჭიდაობაში ერთგვარი სენსაცია მოხდა – გენო პეტრიაშვილის მთავარი ტრადიციული მეტოქე თურქი ტაჰა აკგული ტურნირს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.
დღეს მოჭიდავეთა ტურნირზე გამოდიოდა ქართველი ავთანდილ კენჭაძე, რომელიც პირველ წრეში იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელთან, მსოფლიო ჩემპიონ და ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. ამის მიუხედავად მას ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მაინც აქვს.