Georgian Airways საგადახდო სისტემა МИР-ზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

„გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია”, – განცხადებას ამის შესახებ Georgian Airways ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ისინიც.

„WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.

„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.

რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში”, – ნათქვამია განცხადებაში.


„Мир“ რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთ რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც „Мир“ ოფიციალურად გამოიყენება.