Georgian airways-ის თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვების პროცესი შეჩერებულია - კომპანიის დირექტორი

პუბლიკა

Georgian airways-ის დირექტორმა, რომან ბოკერიამ გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომელთა 95%-ის უხელფასო უვადო შვებულებაში გაშვების პროცესი შეჩერებულია.

„თუ გავუშვებთ შვებულებაში, იმ ხალხს გავუშვებთ, ვისაც ეკუთვნოდათ შვებულება და ის იქნება ანაზღაურებადი. ამ საკითხს მაქსიმალურად გადავიტანთ შემდგომისათვის და თუ ქვეყანაში და მსოფლიოში მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდა, შემდეგ განვიხილავთ უხელფასო შვებულების საკითხს“, – აცხადებს ბოკერია.

კომპანიის დირექტორის თქმით, კომპანია წყვეტს რეგულარულ რეისებს. ფრენებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის დაკვეთითა და მხარდაჭერით განახორციელებს.

„ფრენებს განვახორციელებთ იმ მიმართულებით, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მიგვითითებს და გვეტყვის, რომ ჩვენ უნდა გავფრინდეთ და ჩამოვიყვანოთ საქართველოს მოქალაქეები“, – აცხადებს ბოკერია.