გერმანული ჟურნალის „Focus”-ის ცნობით, გერმანიაში მოქმედი ნეონაცისტი ექსტრემისტები სამხედრო წვრთნებს რუსეთში გადიან. მათი ცნობით, მემარჯვენე ექსტრემისტები სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე პარამილიტარისტულ წვრთნებში მონაწილეობენ.
ჟურნალის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშები მოწმობენ, რომ „ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წევრებსა და შედარებით მომცრო ექსტრემისტული პარტიის, „მესამე გზის” წევრებს სწორედ რუსეთში აქვთ მსგავსი წვრთნები გავლილი.
მათი თქმით, წვრთნების ფარგლებში ექსტრემისტებს იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებას ასწავლიან, ისევე როგორც ახლო დისტანციაში ბრძოლას.
გერმანული უშიშროების სამსახურების ცნობით, სამხედრო ბაზა, რომელიც „პარტიზანის” სახელით არის ცნობილი, რუსი ექსტრემისტების „რუსული იმპერიალისტური მოძრაობის (RIM)” ხელით იმართება. მათი ცნობით, ექსტრემისტულ ორგანიზაციას სანკტ-პეტერბურგთან ახლოს ორი სამხედრო ბაზა აქვს. მათი გაცხადებული მიზანი კი რუსეთის იმპერიის აღდგენაა.
აშშ-მა „RIM” ცოტა ხნის წინ დაამატა გლობალური ტერორისტული დაჯგუფებების სიაში.
„ჯგუფი ევროპაში არსებული ნეო-ნაცისტური და რასისტული დაჯგუფებებისთვის პარამილიტარისტულ სამხედრო წვრთნებს უზრუნველყოფდა”, – განაცხადა აშშ-მა.
RIM-ის ტერორისტულ დაჯფუფებად გამოცხადების შემდგომ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ჯგუფის სიაში დამატება ტერორიზმთან ბრძოლას არ გააუმჯობესებდა და, რომ ამერიკულმა მხარემ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკმარისი დეტალები არ წარმოადგინა.
„Focus”-ის ცნობით, გერმანული უსაფრთხოების სამსახურებისთვის უკვე ცნობილია რუსული საწვრთნელი ბაზების შესახებ, თუმცა, მათი თქმით, სამართლებრივი ბერკეტების უქონლობის გამო ექსტრემისტების რუსეთში გამგზავრების აკრძალვას ვერ უზრუნველყოფენ.