ავტორი: რასმუს კანბეკი
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) ისევ არაფერს ამბობს საქართველოში მდებარე თავისი პარტნიორი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის შესახებ, რომლის დამფუძნებელიც თავის ნაშრომებში ნაცისტურ გერმანიას იკვლევს. ამავდროულად, გავლენიანმა გერმანელმა აკადემიკოსმა პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოხატა OC Media-ს მიერ ამ თემის გაშუქების გამო.
OC Media სტატიაში წერდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) იბერიულ-კავკასიური კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი ეყრდნობა თეორიებს, რომლებიც ნაცისტური ეპოქის „სს“-სთან (SS) არის დაკავშირებული. ცენტრის ხელმძღვანელმა, ალიკო ცინცაძემ განაცხადა, რომ მისი ნაშრომების ნაწილი ეფუძნება „ანენერბეს“ (Ahnenerbe) – ჰაინრიხ ჰიმლერის დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფის მიერ ჩატარებულ კვლევებს.
OC Media-ის სტატიისვე თანახმად, KIU-ს გერმანელი სტრატეგიული პარტნიორი TUM ამტკიცებდა, თითქოს არ იყო ინფორმირებული არც ცენტრის დაარსებისა და არც მის მიერ ასტროლინგვისტიკასა და ასტროარქეოლოგიაში ახალი საბაკალავრო პროგრამების დანერგვის შესახებ. ეს ის სფეროებია, რომლებიც ფართოდ განიხილება, როგორც ფსევდომეცნიერება.
OC Media-ის მანამდე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, TUM-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა, მათთან განაცხადა, რომ მას არაფერი სმენია ცენტრის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ ის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა – ერთ-ერთ აღმასრულებელი ორგანოსი, რომელიც პასუხისმგებელია უნივერსიტეტის კურიკულუმზე. მან ამ პროგრამების საერთოდ არსებობაც კი უარყო.
„KIU-ში ასეთი სასწავლო პროგრამა არ არსებობს. ის არც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთვის ყოფილა წარდგენილი… ეს პროგრამები ჩვენთან არასდროს ყოფილა. ჩვენ ისინი არ გვინახავს. ისინი KIU-სთვის არასოდეს შეუთავაზებიათ“, – განაცხადა მაშინ ჰერმანმა.
„ასტროლინგვისტიკა იმდენად შორს არის ამ ახალი უნივერსიტეტის ფოკუსისგან, რომ ამ კონტექსტში მასზე საუბარიც კი ზედმეტია“, – დასძინა მან.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჰერმანის ოფიციალური პოზიცია, თითქოს აღნიშნული პროგრამები KIU-ში საერთოდ არ არსებულა, ცნობილი გახდა რამდენიმე სხვა გერმანელი აკადემიკოსისთვისაც.
იმ ელექტრონულ (იმეილ) მიმოწერაში, რომელიც OC Media-მ მოიპოვა, ჰერმანი კვლავ ამტკიცებს, რომ სტატია ეფუძნებოდა „დეზინფორმაციას, რამაც ბოლო დღეებში დიდი დაბნეულობა გამოიწვია“. მას სულ მცირე ერთი პროფესორი დაეთანხმა, რომ ეს მართლაც ასე იყო.
თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩანაწერები ამ ვერსიას ეწინააღმდეგება.
12 თებერვალს საქართველოს ხელისუფლებამ პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეიტანა. მთავრობის ოფიციალურ საკანონმდებლო პორტალზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი დოკუმენტები აჩვენებს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში „ასტროლინგვისტიკისა და ასტროარქეოლოგიის“ სტუდენტებისთვის 20 ადგილი იყო გამოყოფილი.
პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, მას შემდეგ ამოიღეს, რაც მას საქართველოში ფართომასშტაბიანი კრიტიკა მოჰყვა.
თებერვლის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე KIU-ს ცხელ ხაზს უკავშირდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ დროს უნივერსიტეტი ემზადებოდა სტუდენტების მისაღებად 2026 წლის სექტემბრიდან.
სასწავლო პროგრამების შესახებ ცნობები წაშლილია
ასევე არსებობს ნიშნები იმისა, რომ სასწავლო პროგრამების შესახებ ცნობები რეტროაქტიურად წაიშალა. KIU-ს მინიმუმ ერთი ვებგვერდი, სადაც ასტროლინგვისტიკის ლექტორის ვაკანსია იყო გამოცხადებული, აღარ არის ხელმისაწვდომი. ბმულს ახლა ვებსაიტის ზოგადი სიახლეების განყოფილებაში გადაჰყავხართ. OC Media-მ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეძლო იმის დადასტურება, რომ ეს ვებგვერდი ადრე ნამდვილად არსებობდა.
OC Media-ს საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, KIU-მ გამოაქვეყნა ვიდეო ვოლფგანგ ჰერმანის მონაწილეობით, რომელზეც TUM-ის ლოგოა დატანილი და სადაც ის TUM-ისა და KIU-ს პარტნიორობას იცავს.
„როგორი წარმატებული ისტორიაა – უკვე ექვსი წელია, ვთანამშრომლობთ. TUM იყო წამყვანი უნივერსიტეტი ახალი ავტონომიური KIU-ს ჩამოსაყალიბებლად. TUM არის KIU-ს მთავარი საორიენტაციო პარტნიორი, იყო და იქნება მომავალშიც“, – ამბობს ჰერმანი ვიდეოში.
TUM-მა არ უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, გასცა თუ არა ამ ვიდეოს შექმნის ან მასში უნივერსიტეტის ბრენდიგის გამოყენების ნებართვა.
არც ჰერმანმა უპასუხა დამატებით კითხვებს იმის თაობაზე, განიხილა თუ არა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ არსებული კონტროვერსია. მან არც იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა, რომლებიც ადასტურებდა, რომ სადავო პროგრამები გამოცხადებული იყო და მცირე ხნით მიღებაც კი გაიხსნა.
მილიონობით ევროს ღირებულების კონტრაქტი
KIU 2020 წელს დაარსდა, რასაც წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი დაგეგმვა TUM-ის მონაწილეობით მინიმუმ 2017 წლიდან.
უნივერსიტეტი, რომელსაც არ ეხება საერთო კანონმდებლობა უმაღლესი განათლების შესახებ, ძირითადად ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ მიერ ფინანსდება. ივანიშვილმა – მილიარდერმა, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ უკან მდგომ ძალად მიიჩნევა, ცენტრალური როლი ითამაშა პროექტის ფორმირებაში.
წყარომ, რომელიც იცნობს შეთანხმების დეტალებს, OC Media-ს უთხრა, რომ TUM-მა თავდაპირველად დაახლოებით 800,000 ევრო ($930,000) მიიღო, მოგვიანებით კი წლიური გადახდები 5 მილიონიდან ($5.8 მილიონი) 7 მილიონ ევრომდე ($8.1 მილიონი) გაიზარდა, იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო პროგრამებში იყო ჩართული TUM და მისი შვილობილი კომპანია TUM International. ეს ინფორმაცია დამოუკიდებლად დაადასტურა სხვა წყარომაც, რომელიც ფლობს ინფორმაციას KIU-ს შესახებ. TUM International-მა OC Media-ს განუცხადა, რომ ის პროექტში აღარ მონაწილეობს.
ბავარიის მხარის სამართლებრივი შეზღუდვების გამო, რომლის თანახმადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გათავისუფლებული არიან გერმანიის გამჭვირვალობის საერთო კანონმდებლობისგან, შეთანხმების TUM-ისგან დოკუმენტის მოპოვება ვერ მოხერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროგრამები გაუქმდა, იბერიულ-კავკასიური კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის სტატუსი არ შეცვლილა და ის ისევ აგრძელებს ფუნქციონირებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.