გერმანელმა მეცნიერებმა შეძლეს იმ თაგვების ამოძრავება, რომლებიც ზურგის ტვინის დაზიანებების გამო პარალიზებულები იყვნენ. The Reuters წერს, რომ მეცნიერებმა სპეციალური ცილის ტვინში შეყვანით მოახერხეს ნერვული კავშირის აღდგენა, რაც აქამდე ძუძუმწომვრებში შეუძლებელი იყო.
ზურგის ტვინის დაზიანებები, რომლებიც, მაგალითად, ავტოავარიებსა და სხვა სახის ტრავმებს მოსდევს, იწვევს ადამიანების პარალიზებას. ამის მიზეზია ნერვული ქსოვილი, რომელიც ტვინსა და კუნთებს აკავშირებს. ნერვული ქსოვილის ნაწილს დაზიანების შემდეგ ხელმეორედ გაზრდა არ შეუძლია.
თუმცა, გერმანელმა მეცნიერებმა, როგორც The Reuters წერს, ამ პრობლემის გამოსწორება თაგვებში შეძლეს. სპეციალური ცილის შეყვანით მათ ნერვული ქსოვილის სტიმულირება მოახერხეს.
„მცირე ინტერვენციით ჩვენ შევძელით დიდი რაოდენობით ნერვული ქსოვილის სტიმულირება. ამან მოგვცა ის შედეგი, რომ თაგვებმა ხელახლა სიარული შეძლეს“, – ამბობს ბრიტანულ გამოცემასთან მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი დიტმარ ფიშერი.
ფიშერის თქმით, პარალიზებულმა მღრღნელებმა სიარული ორ-სამ კვირაში შეძლეს. თუმცა, მეცნიერი დასძენს, რომ მათ წლები დასჭირდებათ, სანამ ცდებს ადამიანებზეც ჩაატარებენ.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ იმუშავებს ეს მეთოდი უფრო დიდი ზომის ძუძუმწოვრებში. მათზეც უნდა ჩავატაროთ კვლევები – ღორებზე, ძაღლებსა და პრიმატებზე, მაგალითად. ვნახოთ, იქნება თუ არა ჩვენი მიგნება მათშიც წარმატებული. ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოა ადამიანებისთვისაც. რაც, სავარაუდოდ, კიდევ ბევრ წელს წაიღებს“, – ამბობს დიტმარ ფიშერი.